შუბლი შუბლზე - შესაძლოა, ფონსეკას საქციელი, დაშინებად ან მუქარად ჩათვალონ
"ლიონის" მთავარ მწვრთნელს, პაულუ ფონსეკას 7-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში, საკუთარ მოედანზე "ბრესტთან" გამარჯვება (2:1), პორტუგალიელ სპეციალისტს, ნერვების და შესაძლოა ძალიან ხანგრძლივი დისკვალიფიკაციის ფასად დაუჯდა.
შეხვედრის 97-ე წუთზე, VAR-ზე ჯარიმის გადასამოწმებლად წასულ მთავარ მსაჯს, ბენუა მილოს, ფონსეკას რისხვა დაატყდა. წყობიდან გამოსული მწვრთნელი მსაჯს მივარდა და შუბლი შუბლზე მიადო, თანაც ხმამაღლა უყვიროდა.
Meanwhile let’s check in on Paulo Fonseca over in France pic.twitter.com/pSMhYd6sDQ
— Matteo Bonetti (@Bonetti) March 2, 2025
ფონსეკამ წითელი ბარათი მიიღო, პრესკონფერენციაზე კი მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მას გადაარჩენს. გასულ კვირას, "მარსელის" პრეზიდენტმა, პაბლო ლონგორიამ მსაჯობას კორუმპირებული უწოდა და არბიტრის მიმართ აგრესია გამოავლინა, რის გამოც 15-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
RMC Sport-ის აზრით, ფონსეკას ქცევა, შესაძლოა დაუქვემდებარონ LFP-ის მე-8 მუხლს, რაც „დაშინებას ან მუქარას“ გულისხმობს. ნებისმიერ მთავარ მწვრთნელს ან კლუბის აღმასრულებელს, რომელიც დამნაშავედ ჩაითვლება, ოფიციალური პირის მიმართ, თამაშის დროს, მე-8 მუხლის დარღვევაში, 7-თვიანი 'აკრძალვა' ემუქრება.