სამოთხე მილენიალებისთვის | TOTAL 90-ის დაბრუნება და ნოსტალგიების ომი
ამერიკული სპორტული ტანსაცმლის გიგანტი (NIKE) საკულტო სილუეტს აბრუნებს. სპორტულ ბრენდებს შორის ნოსტალგიების ომი გაჩაღებულია და NIKE არ აპირებს ტრენდს ჩამორჩეს. საფეხბურთო კულტურის დიდი ფენომენი და მილენიალების ბედნიერება - TOTAL 90-ის აღორძინება დაიწყო.
შესაძლოა, აღორძინება არ იყოს ისეთი ფორმის, რომელსაც ბევრი ელოდა, რადგან Nike-მა ხელახლა გამოუშვა Total 90 III, როგორც ,,ქუჩის ფეხსაცმელი'' და არა საფეხბურთო ბუცი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია უბრალოდ გვიხაროდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში T90 დაბრუნდა.

NIKE-ის მხრიდან ეს დროული 'წინააღმდეგობაა' ADIDAS PREDATOR-ის მიმართ, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში დიდი როლი უჭირავს ურბანული ფეხბურთის მოყვარულთა წრეებში. T90-ის წარმოება 12 წლის წინ შეწყდა, თუმცა მაშინ NIKE-ის ეს გამოშვება მოიცავდა ქუჩის ფეხსაცმელსაც და ბუცებსაც.
T90 ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპოქის სახეა, ეპოქის, რომელსაც შეგვიძლია 'ქუჩის ავაზაკები' ვუწოდოთ. ავაზაკები არიან ისინი, ვინც უეინ რუნის, ფრანჩესკო ტოტისა და ფერნანდო ტორესის მწვერვალზე ყოფნით საზრდოობდნენ.
ამ ფეხსაცმლის გავლენა ძალიან დიდი იყო. მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლიონელ მესი და რონალდინიო ატარებდნენ - იქამდე, სანამ adidas F50s-სა და Nike Tiempo-ს ბუცებზე გადავიდოდნენ.

TOTAL 90-ის, სავარაუდოდ, ყველაზე საკულტო გამოშვება, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ ჩაეშვა გაყიდვაში და ეს მოიცავდა ყველაფერს, რაც სპორტულ ეკიპირებასთან დაკავშირებით შეგვიძლია წარმოვიდგნოთ (მაისურები, თავსაკრავები, შორტები, წინდები, ფუტსალის ფეხსაცმელი, ქუჩის (ურბანული) ფეხსაცმელი, ბუცები, შარვლები და სვიტერები).
რაც შეეხება ბურთს, T90 Aerow 1-ის მარტივი, სამ-რგოლიანი დიზაინი უზარმაზარი გავლენის მქონე იყო - ამ ბურთმა უამრავი საკულტო მომენტი შემოგვინახა პრემიერლიგიდან, ლა ლიგიდან და ჩემპიონთა ლიგიდანაც კი. დიზაინი ფერთა სხვადასხვა ვარიაციების საშუალებას იძლეოდა. უმთავრესი, რაც NIKE-მა უკვე გააკეთა, ამ დიზაინის ბურთების დაბრუნებაა, პრემიერლიგაში უკვე მე-5 ტურია გუნდები 'ნოსტალგიით' თამაშობენ.

TOTAL 90-ის დაბრუნებას მარკეტინგული კამპანია თითქმის არ ჰქონია. არანაირი დამოუკიდებელი რეკლამა ან ცნობილი სპორტსმენების გამოჩენა. ყველაფერი ნელ-ნელა და ეტაპობრივად მოხდა. იყო მცირე კამპანიები, მაგალითად NIKE-მა ხელახლა გამოუშვა პორტუგალიის ნაკრების T90-ის საშინაო ფორმა - ამით ნაკრებთან თანამშრომლობის დასრულებას გაუსვა ხაზი და PUMA-ს გადააბარა.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები ვინტაჟური ფორმის ბუცებს მინდორზე ვეღარ მოსინჯავენ, ჩვენ, ნამდვილ მოყვარულებს, საშუალება გვექნება, ფეხსაცმელები ურბანულ მოდაში ისევ დავნერგოთ და უბნები 3-ზოლიანი, სხვადასხვა ფერის, ლეგენდარული ბურთებით გავავსოთ.