Belive

პედრი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია | კასორლას მოსაზრება

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

არსენალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სანტი კასორლამ, "ფურია როხას" ორი ახალგაზრდა ვარსკვლავის შესახებ ისაუბრა. ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული ხაზს უსვამს, რომ მისთვის პედრის თამაშის სტილი ყველასგან გამორჩეულია.

ის იამალის დიდი გულშემატკივარიცაა - ფეხბურთელის, რომელიც საფეხბურთო სამყაროს გაოცებას არ წყვეტს. თუმცა კასორლა ყოველთვის იმ ფეხბურთელების მხარეს იჭერს, რომლებიც ბურთს მოედანზე ანაწილებენ.

კრიშტიანუ რონალდუსა და ლუკა მოდრიჩის მსგავსად, კასორლა 41 წლის ასაკშიც კვლავ მაღალ დონეზე ასპარეზობს. ის 2023 წელს თავის მშობლიურ კლუბს, "რეალ ოვიედოს" დაუბრუნდა და უკვე 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სეზონის დასაწყისში, ბარსელონასთან მატჩის შემდეგ, კასორლამ სოციალურ ქსელში ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პედრის ასეთი თხოვნით მიმართა: "შეგიძლია შენი მაისური მომცე, გენიოსო?"

კითხვაზე, თუ რატომ არის ტენერიფელი ფეხბურთელის ასეთი დიდი გულშემატკივარი, კასორლამ ასეთი პასუხი გასცა:

"მიუხედავად ასეთი ახალგაზრდული ასაკისა. ის უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. პედრი განსხვავებული ტიპის მოთამაშეა - ისეთი, რომლის თამაშითაც თითოეული ჩვენგანი ყოველ ჯერზე სიამოვნებას იღებს. როდესაც პედრი მოედანზე არ არის, მისი არყოფნა ყოველთვის შეინიშნება".

რატომ პედრი და არა იამალი? კასორლას თქმით, იგი არჩევანში სუბიექტურია, რადგან პედრი მის პოზიციაზე თამაშობს.

"ლამინის თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ის თავის პოზიციაზე გამორჩეული და განსაკუთრებული ფეხბურთელია. თუმცა, რადგან თავად პედრის პოზიციაზე ვთამაშობდი, სწორედ ამის გამო მაქვს მის მიმართ ასეთი აღტაცება, სხვა მიზეზის დასახელება არ შემიძლია", - აღნიშნა მან.

კასორლამ კარიერა 2003 წელს, ვილიარეალის რიგებში დაიწყო და დროის უდიდესი ნაწილი სწორედ აქ გაატარა. გარკვეული დროის განმავლობაში, ირიცხებოდა რეკრეატივოს, მალაგასა და ალ სადის შემადგენლობაშიც, თუმცა საკლუბო დონეზე, მისი გამორჩეული წლები არსენალს უკავშირდება, სადაც 129 შეხვედრაში 25 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები