Belive

"მატჩის დასრულებიდან ერთ წუთში გადავწყვიტე" - ბუფონმა იტალიის ნაკრები დატოვა

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა და ამის შესახებ საზოგადოებას სოციალურ ქსელში ამცნო.

"ბოსნიასთან მატჩის დასრულებიდან ერთი წუთის შემდეგ გადადგომა სასწრაფო ქმედება იყო, რომელსაც ჩემი შინაგანი ხმა მკარნახობდა. ისეთივე სპონტანური, როგორც ცრემლები და გულის ტკივილი, რომელსაც, ვიცი, თქვენთან ერთად ვიზიარებ.

მთხოვეს, დავლოდებოდი, სანამ ყველას ექნებოდა დრო დაფიქრებისთვის. ახლა, როდესაც პრეზიდენტმა გრავინამ უკან დახევა გადაწყვიტა, თავისუფლად ვგრძნობ თავს, რომ  პასუხისმგებლიანი ქმედება განვახორციელო, რადგან, მიუხედავად ჩემი გულწრფელი რწმენისა, რომ რინო გატუზოსთან და ყველა ჩემს თანამშრომელთან ერთად ძალიან მოკლე დროში გუნდური სულისკვეთების თვალსაზრისით ამდენი რამ შევქმენით, მთავარი მიზანი იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნება გახლდათ და ჩვენ ეს ვერ შევძელით.

იტალიის ნაკრების წევრობა, ჩემთვის ის პატივია, რომელიც ბავშვობიდან მოსვენებას არ მაძლევს.

ვეცადე, ჩემი როლი მთელი ენერგიის ჩადებით გამეანალიზებინა, ყველა სექტორი გამომეკვლია, როგორც დამაკავშირებელი რგოლი სხვადასხვა ახალგაზრდულ გუნდებს შორის. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მთავარი ნაკრების განვითარებისთვის ხელი შეგვეწყო. მოვითხოვე და მივაღწიე რამდენიმე მნიშვნელოვანი, მაღალკვალიფიციური ფიგურის ჩართვას, რომლებიც, უკვე არსებული უნარებით, ამ აუცილებელ ცვლილებებს საშუალო და გრძელვადიანი ხედვით ახორციელებენ.

ყველაფერს გულში ვინახავ, მადლიერებით იმ პრივილეგიისა და გაკვეთილებისთვის, რაც, თუნდაც მისი მტკივნეული ეპილოგით, ამ ინტენსიურმა გამოცდილებამ დამიტოვა", - ამბობს ჯანლუიჯი ბუფონი.

ზედიზედ მესამე მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების და 2026 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენის შემდეგ, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ასევე, საუბარია, რომ უახლოეს პერიოდში გუნდს მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზოც დაემშვიდობება, რომლის შემცვლელადაც ანტონიო კონტე და მასიმილიანოა ალეგრი სახელდებიან.

სხვა სტატიები