Belive

ლუის ენრიკე: "ლივერპულთან დაკავშირებით მოგატყუეთ"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის 25-ე ტურში "პარი სენ ჟერმენმა" კიდევ ერთი მარტივი გამარჯვება მოიპოვა, ლუის ენრიკეს გუნდმა ამჯერად სტუმრად "რენს" 1:4 მოუგო, თანაც ისე, რომ გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა. გუნდის ლიდერები: დემბელე, კვარაცხელია, ჰაკიმი და ვიტინია თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთვნენ.

მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ კვარაცხელიაზეც ისაუბრა და "ლივერპულთან" განმეორებით შეხვვედრაზეც.

- რენთან მატჩის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ ლივერპულთან თამაშზე არ ფიქრობდით და სრული კონცენტრაცია ლიგა 1-ზე გქონდათ...

მოგატყუეთ. რა თქმა უნდა, ლივერპულზე ვფიქრობ. წილისყრის შემდეგ ყოველთვის ლივერპულზე ვფიქრობდი. დღეს მინდა ხაზი გავუსვა ყველა მოთამაშის მუშაობას და მენტალიტეტს: დამწყებებს, შემცვლელებს და მათ, ვისაც არ უთამაშიათ.

- ხვიჩა კვარაცხელია კიდევ უფრო მეტად გაიხსნა?

არ მიყვარს ინდივიდუალიზაცია, მაგრამ ყოველთვის აღვნიშნავ მოთამაშის მაღალ ხარისხს. ვიცით კვარას პოტენციალი "ნაპოლიდანაც" და ნაკრებიდანაც. ის ამ ზამთარს ჩამოვიდა და ყოველ ჯერზე უკეთ თამაშობს, მიხარია გუნდში ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რომელსაც თამაშში ასე ჩართვა შეუძლია.

- რას იტყვით იმაზე, რომ ძირითადის ბევრი ფეხბურთელი დაასვენეთ

არსებობს მრავალი თეორია იდეალური სათამაშო დროის შესახებ ისეთი მატჩის წინ, როგორიც ლივერპულში გველოდება. მაგრამ ჩვენ ასევე ვეყრდნობით ფეხბურთელების პირად შთაბეჭდილებებს და ფიზიკურ მონაცემებს, ჩვენზეა დამოკიდებული ამ ყველაფრის მართვა.

- თქვენ იმედგაცრუებული ჩანდით ლივერპულის შემდეგ, იზრდება იმედი მეორე თამაშის წინ?

ფეხბურთი სიურპრიზების საშუალებას იძლევა, ეს არის მისი მაგია, ყოველთვის არ იმარჯვებს ის, ვინც უკეთესია. როდესაც ფეხი ისე დაგიცდება, როგორც ჩვენ ლივერპულთან, მოწყენილი ხარ, მაგრამ შემდეგ, ჩვენ ეს ემოცია გადავაგორეთ და გონს მოვედით. ჩვენ იმედით ვართ სავსე. - განაცხადა ლუის ენრიკემ

პსჟ ლივერპულთან განმეორებით მატჩს ენფილდზე, 12 მარტს ჩაატარებს. დიდი უპირატესობის მიუხედავად, პარიზელებმა პირველი შეხვედრა შინ 0:1 დათმეს, თამაშის ბოლოს გოლი ჰარვი ელიოტმა გაიტანა.

სხვა სტატიები