Belive

კომოს აღზევება და ფაბრეგასის როლი - როგორ იქცა პატარა კლუბი იტალიურ სენსაციად

1 დღის წინ ფეხბურთი
4 წთ

ტიტულოვანი საკლუბო და სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ, სესკ ფაბრეგასმა წარმატებული კვალის დატოვება ხანმოკლე სამწვრთნელო ასპარეზზეც მოასწრო. მისი ხელმძღვანელობით, მოკრძალებული იტალიური კლუბი კომო 1907 ერთგვარ იტალიურ სენსაციად იქცა. ამჟამად გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ეს პროგრესი კი მით უფრო დაუჯერებელია, თუ გავითვალისწინებთ, რა მოკლე დროში შეძლო კლუბმა ფსკერიდან ელიტამდე ამოსვლა. ამ სტატიაში სწორედ კომოს აღზევებასა და სესკის როლზე მოგიყვებით.

გაკოტრებისა და ფინანსური კოლაფსის შემდეგ, კლუბი ხელახლა დაფუძნდა, როგორც "კომო 1907". კლუბს რთული და შორეული გზა უნდა გაევლო: სერია D-ში ასპარეზობა ყველაფრის ნულიდან დაწყებას ნიშნავდა,

2019 წლის აპრილში, კომპანია "SENT Entertainment"-მა კლუბი სულ რაღაც 850 000 ევროდ შეიძინა. კომპანიის მფლობელები ინდონეზიელი მილიარდერები - რობერტ და მაიკლ ჰარტონოები არიან. ინვესტორებს მემკვიდრეობით მეოთხე დივიზიონში მყოფი, სრულიად გაკოტრებული გუნდი ერგოთ, თუმცა ცვლილებები იმაზე გაცილებით სწრაფად წარიმართა, ვიდრე ამას ვინმე იფიქრებდა.

ახალი, ამბიციური ხედვის ფარგლებში ჩატარებულ პირველივე სეზონში, კომომ სერია D სარეკორდო ქულებით მოიგო და პროფესიონალურ ფეხბურთს ტრიუმფით დაუბრუნდა. შემდეგ დაიწყო პანდემია, რომელმაც მსოფლიოში უამრავი ამბიციური პროექტი შეაჩერა, თუმცა კომოს შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა: კლუბმა სერია C-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს სამ წელიწადში გუნდის მეორე აღზევება იყო. სწორედ ამ მომენტიდან, კლუბმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია.

სრულიად მოულოდნელად, მსოფლიო, ასევე ევროპის 2-გზის ჩემპიონი სესკ ფაბრეგასი სერია B-ში მოაზპარეზე კლუბს შეუერთდა. მან გუნდში არა მხოლოდ ფეხბურთელის სტატუსი მოირგო, არამედ ტიერი ანრისთან ერთად კლუბის აქციონერიც გახდა.

სესკმა სერია B-ში 17 მატჩი ჩაატარა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ პატარა კლუბი საფეხბურთო სამყაროში უფრო მეტად პრესტიჟული და ცნობადი გამხდარიყო. 2023 წელს, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ფაბრეგასმა კომოს 19-წლამდელთა გუნდი ჩაიბარა, თუმცა მისი პროგრესი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მალევე მთავარი გუნდის ხელმძღვანელიც გახდა.

მან გუნდში მაღალ პრესინგსა და ბურთის ფლობაზე დაფუძნებული სათამაშო სტილი დანერგა, რის მიღმაც ის გამოცდილება იმალება, რაც ფაბრეგასმა პეპ გვარდიოლასთან მუშაობისას მიიღო. ასევე, როგორც კლუბის თანამფლობელი, სესკი დღეს კომოს ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც ზრუნავს. პროექტი ახალი სავარჯიშო ცენტრის აშენებასა და სტადიონ "ჯუზეპე სინიგალიას" რენოვაციას მოიცავს.

ფაბრეგასთან ერთად, კომომ Serie B-ში მე-2 ადგილი დაიკავა და 21 წლის შემდეგ, Serie A-ს დაუბრუნდა. ელიტაში აღზევება სეზონის ბოლო დღეს გადაწყდა, იტალიურ საფეხბურთო ელიტაში დაბრუნება კი უაღრესად ემოციური და შთამბეჭდავი გამოდგა.

სადებიუტო სეზონში კომომ შთამბეჭდავად იასპარეზა და მე-10 ადგილი დაიკავა. რაც მთავარია, კლუბმა მსოფლიო ყურადღება ისეთი ვარსკვლავების ტრანსფერებით მიიპყრო, როგორებიც არიან: ნიკო პასი, რაფაელ ვარანი, სერხი რობერტო და პეპე რეინა.

როგორც სტატიის დასაწყისში აღნიშნულია: დღეს კომო Serie A-ში მე-4 ადგილს იკავებს და მას ისეთი ტრადიციული იტალიური გრანდები ჰყავს ჩამოტოვებული, როგორებიც იუვენტუსი და რომა არიან. ეს არის შესანიშნავი შანსი იმისთვის, რომ კლუბმა ისტორიაში პირველად მოიპოვოს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საგზური.

ერთი სიტყვით, ინვესტორების ფინანსური მხარდაჭერითა და ფაბრეგასის გამოცდილებისა და ხედვის დამსახურებით, კომო 1907 აღარ არის მხოლოდ ერთი პატარა ტბისპირა ქალაქის გუნდი - ის იტალიური ფეხბურთის ახალი, ამბიციური ძალაა და საინტერესოა, მოახერხებს თუ არა კლუბი შთამბეჭდავი სვლის ჩემპიონთა ლიგის საგზურით დაგვირგვინებას.