ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება რენის წინააღმდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში "რენმა" "პსჟ" მიიღო და 1:4 დამარცხდა. პარიზულ გრანდს შიდა ჩემპიონატში ყველაფერი კარგად მისდის, ამიტომ ლუის ენრიკემ თავს უფლება მისცა ლიდერები სათადარიგოთა სკამზე დაეტოვებინა. დემბელე, კვარაცხელია, დონარუმა და ჰაკიმი ძირითად თერთმეტეულში არ იყვნენ.
მეორე ტაიმში იყო 10-წუთიანი მონაკვეთი, როცა მასპინძლებმა მოუმატეს და სახიფათო მომენტები შექმნეს, თუმცა მთლიანობაში, პსჟ სრულად აკონტროლებდა მატჩს. ანგარიში ბრედლი ბარკოლამ 27-ე წუთზე გახსნა, გონსალო რამუშმა უპირატესობა ორამდე 50-ე წუთზე გაზარდა, თუმცა ზუსტად 3 წუთში რენმა ერთი ბურთი გაქვითა და რამდენიმე წუთი მუხტიც შეინარჩუნა.
65-ე წუთიდან ენრიკემ თამაშში კვარა, დემბელე, ჰაკიმი და ვიტინიია ჩართო. ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. დაცვაში ბევრს მუშაობდა, რამდენიმე ესთეტიკურად დახვეწილი მომენტიც შემოგვთავაზა, პოტენციური საგოლე გადაცემაც გააკეთა დემბელეზე, თუმცა ფრანგმა ცარიალ კარს ააცილა. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი ბრწყინვალე პასი ჰაკიმიზე, რომელიც მეკკარესთან პირისპირ დარჩა და დემბელეს გაატანინა. ეს უკვე დამატებულ წუთებზე მოხდა და ამ დროში დემბელემ დუბლის შესრულება შეძლო.
მოედანზე გატარებულ 25 წუთში ხვიჩა კვარაცხელიამ 7.6-დან 8.0-დე შეფასება დაიმსახურა (სხვადასხვა გამოცემების მიხედვით).
პსჟ-ს შემდეგი თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ლივერპულთან" ენფილდზე ელოდება, პირველი მატჩი ინგლისელების გამარჯვებით, 0:1 დასრულდა.