Belive

"ხვიჩა კვარაცხელიას ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში" - ლუის ენრიკე

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენი", ხვალ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით "ლივერპულს" შეხვდება, მატჩი ხვალ 23:55 საათზე დაიწყება. 1/8-ფინალური შეხვედრის დაწყებამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და ფეხბურთელმა ჟოაო ნევეშმა მედიასთან ისაუბრეს, მათ ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ჟოაო ნევეში "ლივერპულთან" მატჩზე:

"ლივერპული" ძალიან კარგი გუნდია, მათ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს. არ უნდა გავუშვათ გოლები. ჩვენ ყოველდღიურად ვუმჯობესდებით, ჩემპიონთა ლიგის დასაწყისი ჩვენთვის რთული აღმოჩნდა, ბევრი გოლი არ გაგვიტანია, მაგრამ სიმართლე გითხრათ ცუდად არ გვითამაშია, უბრალოდ შანსები ვერ გამოვიყენეთ. ახლა კი ძალიან კარგად ვთამაშობთ, ყველა თამაშს ერთნაირი რიტმით ვთამაშობთ და ამიტომაც უკვე 4 თვეა დაუმარცხებლები ვართ, ეს ძალიან კარგი შედეგია. - ჟოაო ნევეში - "პსჟ"-ს ფეხბურთელი

კვარაზე:

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ბიჭია, რომ არაფერი ვთქვათ მის საფეხბურთო უნარებზე. მე უკვე ვითამაშე მის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე და ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ის ჩვენთანაა. - ჟოაო ნევეში - "პსჟ"-ს ფეხბურთელი

ლუის ენრიკე "ლივერპულთან" მატჩზე:

თამაშის სტილი ძალიან ნათელი იქნება, უნდა ვითამაშოთ ისევე როგორც სეზონის დასაწყისიდანვე ვთამაშობთ, არაფერი შეიცვლება, ვეცდებით ბურთის ფლობას, შანსები გამოვიყენოთ და თავი კარგად დავიცვათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში "ლივერპული" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მათ ახლახან მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.

არნე სლოტის მუშაობა კლოპის ეპოქის შემდეგ ადვილი არ იყო, მან ერთ სეზონზე ნაკლებ დროში მოახერხა და ჩამოაყალიბა სრულყოფილი გუნდი, რომელსაც შეუძლია დაცვა, კარგ ფეხბურთს თამაშობენ, იციან თუ როგორ უნდა ითამაშონ შეტევაში. სალაჰს არაჩვეულებრივი სეზონი აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ მოტივაციას გვაძლევს, ეს არის შესაძლებლობა, რომ ვაჩვენოთ რა დონეც გვაქვს. ჩვენ ნამდვილად ვვითარდებით, ამას სტატისტიკებიც აჩვენებს. - ლუის ენრიკე - "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი

ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიაზე:

შეტევაში ჩემს ყველა მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, ისევე როგორც ხვიჩა კვარაცხელიას. მას შეუძლია მარცხენა და მარჯვენა პოზიციაზე თამაში, ასევე ცხრა ნომერზე და ნახევარდაცვაშიც. ის განსხვავებული სტილის ცხრიანია, რომელიც ერთი-ერთზე ძალიან სახიფათო ფეხბურთელია. - ლუის ენრიკე - "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები