ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი უნდა იყოს
ტონი კროოსისა და მისი ძმის, ფელიქს კროოსის პოდკასტის (Eifach mal Luppen) ერთ-ერთ ბოლო ეპიზოდში, ფელიქსმა გაამხილა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, როდესაც მიუნხენის ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის შეხვედრას უყურებდა, შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: „Khvicha Kvaratskhelia, Ballon d'Or.“ ამის შემდეგ, თავად ტონიმაც აღიარა, რომ ის ქართველის დიდი გულშემატკივარია. მაგრამ მისი თქმით, ფაქტი, რომ ხვიჩა 2026 წლის მუნდიალზე მონაწილებას ვერ მიიღებს, მისთვის ოქროს ბურთის მოგებას გაართულებს.
კროოსის ეს კომენტარი ნამდვილად არ არის შინაარსს მოკლებული. მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა და იქ თავის გამოჩენა, დამატებითი შესაძლებლობაა ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში მყოფი ფეხბურთელებისთვის, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს მოსაგებად. მაგრამ ყველაფერი არც ისე ცალსახადაა, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა წელს სამხრეთ ამერიკაში ვერ გაემგზავრება, ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ მისი კანდიდატურა ავტომატურად გამოირიცხება. მითუმეტეს იმ სეზონის ფონზე, რომელიც აქვს. ამ წუთისთვის, ქართველი ფეხბურთელი ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში, მეშვიდე პოზიციაზეა.
თავისი თავმდაბალი ხასიათიდან გამომდინარე, კვარა, ბოლო პერიოდში, თანაგუნდელის, უსმან დემბელეს „ოქროს ბურთის“ მოგების შანსებზე უფრო მეტს საუბრობს, ვიდრე საკუთარზე. „უსმანი გამორჩეული ფეხბურთელია. ეს დღეს საღამოს კიდევ ერთხელ დავინახეთ. მან კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ მოიგო „ოქროს ბურთი“ გასულ წელს. მას ამის გაკეთება კიდევ შეუძლია“. ეს კომენტარი კვარაცხელიამ პსჟ-სა და ლივერპულის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც „ენფილდზე“ გაიმართა. ის თამაში პსჟ-ემ 2-0 მოიგო. ორივე გოლი უსმან დემბელემ გაიტანა. თუმცა, მიმდინარე სეზონში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელი აშკარად ქართველი ვინგერი იყო და როგორც ლიგა 1-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, გადამწყვეტ მომენტებში, პარიზელებმა, სწორედ ხვიჩას გოლებით მოიგეს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია იმდენ გოლში მონაწილეობა, რამდენშიც კვარას - 16. ქართველმა თავად 10 გოლი გაიტანა. აქედან 7 კი პლეი-ოფში. პარიზელთა შვიდიანი ძალიან გამორჩეული იყო მერვედფინალურ დაპირისპირებაში ლონდონის ჩელსის წინააღმდეგ, სადაც მე-60 წუთზე, შეცვლაზე შემოვიდა და სულ რაღაც 30 წუთში საგოლე პასისა და დუბლის შესრულება შეძლო. ამის შემდეგ იყო „სტენფორდ ბრიჯზე“ განმეორებითი შეხვედრა და შემდეგ, ლივერპულთან, მეოთხედფინალის პირველი მატჩი. ხვიჩა კვარაცხელია, ამ თამაშებში, ზედიზედ სამჯერ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი.
🚨🚨| Khvicha Kvaratskhelia is the 𝐅𝐀𝐕𝐎𝐔𝐑𝐈𝐓𝐄 to finish this Champions League season with the 𝐌𝐎𝐒𝐓 goal contributions with a 51% chance, predicts @PolymarketSport. 👀🇬🇪 pic.twitter.com/IeYxbbbHj5
— Goals Side (@goalsside) May 8, 2026
„კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ის კიდევ უფრო განვითარდება. არ ვიცი დარჩება თუ არა მხოლოდ მარცხენა ფლანგზე, რადგან ყველა სიტუაციაში ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. ზოგჯერ, ის მარტო უძღვება მთლიან გუნდს. ამის გამო, განსაკუთრებით მომწონს მისი სათამაშო ინტელექტი. ნახევარდაცვას აქტიურად ეხმარება და შეტევაშიც ყოველთვის გამადწყვეტ როლს ასრულებს ხოლმე. უბრალოდ დაუჯერებელია.“ - კლარენს ზეედორფი
კვარა ჯერ კიდევ ნაპოლიდან მოყოლებული მოექცა მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების ქვეშ. მაგრამ თავის საუკეთესო ფორმას, როგორც ამას თავადაც აღნიშნავს, ლუის ენრიკეს პირობებში მიაღწია და დიდი მატჩების ფეხბურთელიც გახდა.
„ნაპოლიში დაცვით თამაშს ყურადღებას არ ვუთმობდი. მას შემდეგ კი, რაც პსჟ-ში გადმოვედი, ამ კუთხით ძალიან განვვითარდი და ნამდვილი მებრძოლიც გავხდი. მწვრთნელის როლი ფეხბურთელის კარიერაში წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მისმა ადამიანურობამ მოახდინა. ის მშვიდად გესაუბრება და ყველაფერს დეტალურად გიხსნის. ამის შემდეგ კი, ფეხბურთელს კიდევ უფრო დიდი სურვილი უჩნდება, რომ ყველაფერი გაიღოს და უკეთ ითამაშოს“
- ხვიჩა კვარაცხელია
თავის მხრივ, არც ესპანელ სპეციალისტს დაუშურებია ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები. მან 22 აპრილს, ნანტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, კვარასთან დაკავშირებით იხუმრა. „დღეს შეეშალა - ეგონა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა“. აღნიშულ შეხვედრაში კვარამ დუბლი შეასრულა.
„ხვიჩა მთელი სეზონის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობს და მე მხოლოდ მის შეტევით შესაძლებლობებზე არ ვსაუბრობ, რადგან ეს ყველამ იცის. ლაპარაკი მაქვს მის ხასიათზე. იმაზე, თუ როგორ ეხმარება თავის გუნდს ყველა პოზიციაზე. მნიშვნელობა არ აქვს ვის ვეთამაშებით. ის ყოველთვის ერთნაირად იბრძვის“. - ლუის ენრიკე
GOAL-თან ინტერვიუში, არსენალი ყოფილმა ფეხბურთელმა, რეი პარლორმა, სწორედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა იმ მოთამაშედ, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა უფრთხოდნენ ლონდონელები. კვარა, ბაიერნთან, ალიანც არენაზე გამართულ საპასუხო მატჩში, უსმან დემბელესთვის გაკეთებული საგოლე გადაცემით, გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ 7 თამაშში საგოლე მოქმედება შეასრულა. (ან გოლი გაიტანა, ან საგოლე გადაცემა მიითვალა).
პსჟ 30 მაისს, „პუშკაშ არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე ფინალს გამართავს. იმედი ვიქონიოთ, რომ პარიზელები, კვარასთან ერთად, წინა წლის მსგავსად, ისევ აღმართავენ ჩემპიონთა ლიგის თასს. თუ ეს ასე მოხდება, იმის მიუხედავად, რომ ხვიჩა მსოფლიოზე ვერ ითამაშებს, მაინც არაა გამორიცხული, რომ პარიზელთა ქართველი შვიდიანი, უახლოეს მომავალში ოქროს ბურთით ხელში ვიხილოთ.