ხავი სიმონსის დაბრუნება? ბარსელონას ტოტენჰემის ხუთი ფეხბურთელის დამატება სურს
„ბარსელონა“ ლონდონის „ტოტენჰემში“ შექმნილი კრიზისით სარგებლობას აპირებს – ხუთი სამიზნე და „დაკლებული ფასის“ ტრანსფერები.
კატალონიელები აქტიურად აკვირდებიან პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს, სადაც ტოტენჰემი გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დგას. როგორც ესპანური გამოცემა „Diario SPORT“ იუწყება, ბარსელონა მზადაა ე.წ „Cut-Price“ ტრანსფერებზე იმუშაოს, იმ შემთხვევაში თუ სპურსი ჩემპიონშიპში დაქვეითდება და ფეხბურთელების იაფად გაშვება მოუწევს.
ბარსელონა ამჟამად „ტოტენჰემის“ ხუთ წამყვან ფეხბურთელზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით გამოკვეთილია ინტერესი ხავი სიმონსისა და ლუკას ბერგვაილის მიმართ — ორი შემტევი ნახევარმცველი, რომლებიც კატალონიელთა სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვან როლს იკავებენ.
ნიდერლანდელი შემტევი, რომელიც „ბარსელონას“ აღზრდილია „სპურსის“ ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა და მისი ტრანსფერი კატალონიელთა შემტევ პოტენციალს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ერთადერთი რაც ამ ტრანსფერს ეჭვქვეშ აყენებს, სიმონსის ტრავმაა, დიდი შანსია ჰოლანდიელმა წლევანდელი მუნდიალი გამოტოვოს. ბერგვალის შემთხვევაც საინტერესოა – ახალგაზრდა შვედი წარსულში „ბარსელონასთან“ ძალიან ახლოს იყო, თუმცა საბოლოოდ ლონდონური კლუბი აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში მისი კარიერა ტრავმებმა და მცირე სათამაშო დრომ შეაფერხა.
კატალონიური კლუბის დაცვითი პრობლემების გათვალისწინებით, ბუნებრივია დიდი ყურადღება ეთმობა მიკი ვან დე ვენსა და კრისტიან რომეროს. ნიდერლანდელი განსაკუთრებით მიმზიდველად მიიჩნევა მისი სისწრაფისა და ბურთის ფლობის უნარის გამო. მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი იდეალურ პარტნიორად განიხილება პაუ კუბარსის მეწყვილეობისთვის. სიის მეხუთე ფეხბურთელი პედრო პოროა. მისი ტრანსფერი შესაძლოა დამოკიდებული იყოს კუნდეს მომავალზე – ფრანგი მარჯვენა მცველის შესაძლო წასვლის შემთხვევაში, პორო მთავარი კანდიდატი გახდება.
ამ ეტაპზე ყველაფერი პრემიერ ლიგის ცხრილზეა დამოკიდებული. სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე „ტოტენჰემი“ გადარჩენისთვის იბრძვის და მე-18 ადგილს იკავებს. თუ გუნდი მაინც დაქვეითდება, „ბარსელონას“ წინაშე იაფი, მაგრამ მაღალი დონის ტრანსფერების ფანჯარა გაიხსნება. თუმცა კონკურენცია გასათვალისწინებელი ფაქტორია – ევროპის არაერთი გრანდი მზადაა ამ სიტუაციით ისარგებლოს.