კალაფიორი მადრიდის რეალში? – მოურინიო იტალიელის ტრანსფერს ითხოვს
გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ ლონდონის არსენალის მცველი რიკარდო კალაფიორი თავის ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ დაასახელა, საინტერესოა, რომ „განსაკუთრებულმა“ რამდენიმე წლის წინ კალაფიორი რომადან გაყიდა, ახლა კი მისი მადრიდში წაყვანა სურს.
მოურინიოს მადრიდულ კლუბში დაბრუნება ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ცნობების მიხედვით, მან კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა. მისი ოფიციალური წარდგენა, სავარაუდოდ, ამ შაბათ-კვირას, კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ მოხდება. მოქმედ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კონკურენციას ენრიკე რიკელმე უწევს.
მოურინიოს სურს, რომ იტალიელი მცველი მისი ახალი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. ის მიიჩნევს, რომ 24 წლის კალაფიორი იდეალური მოთამაშეა დაცვის გასაძლიერებლად.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მადრიდის რეალი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის გარემოცვას, რათა მისი შესაძლო ტრანსფერის პირობები გაერკვია. თუმცა, მისი ლონდონიდან წაყვანა ადვილი არ იქნება, რადგან კალაფიორი გუნდში ძალიან პოპულარულია და ახლახან კლუბთან ერთად ჩემპიონობაც იზეიმა.
🚨 José Mourinho is already shaping Real Madrid’s transfer strategy and has instructed the club to look into a move for Riccardo Calafiori from Arsenal.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) June 3, 2026
The Italian defender’s versatility is said to be a major attraction, with Mourinho valuing his ability to operate both at… pic.twitter.com/uCfaZUumL0
კალაფიორის გარდა, მოურინიოს დაცვის ხაზის გაძლიერებაც სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ის უკვე შეუთანხმდა დენზელ დუმფრისსა და იბრაჰიმა კონატეს. კონატე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება გუნდს, ხოლო დუმფრისის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ არსენალს მარცხენა მცველის პოზიციაზე რამდენიმე კარგი ვარიანტებიც ჰყავს, პიერო ჰინკაპიესა და მაილს ლუის-სკელისს სახით, კალაფიორის დაკარგვა გუნდისთვის სერიოზული დანაკლისი იქნებოდა.
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, კალაფიორის ტრანსფერი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სატრანსფერო ისტორია შეიძლება გახდეს, რადგან მოურინიო მადრიდში ახალი გუნდის აშენებას გეგმავს.