იოჰან კრუიფი: "მირჩევნია 5:4 მოვიგო, ვიდრე - 1:0"
იმ ეპოქაში, როდესაც ელიტურ ფეხბურთს ხშირად აკრიტიკებენ ზედმეტად რაფინირებულ, მექანიკურ და ტაქტიკურ თამაშად გადაქცევის გამო, პარი სენ-ჟერმენმა და ბაიერნმა დროულად შეგვახსენეს, თუ რატომ შეგვიყვარდა ეს სპორტი.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური პირველი მატჩი არ იყო მხოლოდ საფეხბურთო მატჩი, ეს იყო ცხრა გოლიანი სანახაობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „დაბალანსებული“ თამაშის თანამედროვე კონვენციებს და დასრულდა პარიზელების სასარგებლოდ (5:4). ეს იყო თამაში, რომელმაც პირდაპირი პატივი მიაგო ფეხბურთის ლეგენდის, იოჰან კრუიფის ფილოსოფიას - მან ერთხელ თქვა: „მე მირჩევნია თამაში 5:4 მოვიგო, ვიდრე 1:0“. ნახევარფინალის ამ საღამოს, „პარკ დე პრენსზე“ ეს აზრი ბალახის ყველა ღეროში იყო ამოტვიფრული.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორი მატჩის შემდეგ, რომელიც ბაიერნსა და რეალ მადრიდს შორის (6:4) დასრულდა (ბაიერნის სასარგებლოდ), ევროპული ფეხბურთის ყველაზე ელიტური საკლუბო შეჯიბრის პირველი ნახევარფინალის მოლოდინები მაღალი იყო. თუმცა, პარიზში გამართულმა მატჩმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ხშირად, როდესაც "ევროპული ტიტანები" ნახევარფინალში ხვდებიან ერთმანეთს, პირველი მატჩი ფრთხილი თამაშია, სადაც გუნდები კონსერვატიულ ფეხბურთს თამაშობენ, რათა „ერთმანეთი იგრძნონ“. ეს თამაში სრულიად საპირისპირო იყო. ორივე მხარემ ისეთი თავისუფლებითა და ამბიციით ითამაშა, რომ მაყურებელს სუნთქვა შეეკრა. მაშინაც კი, როდესაც პსჟ 5:2-ს იგებდა, მატჩი არ გამხდარა ცალმხრივი.
ეს თამაში ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში - წინ მეორე მატჩია, 'ალიანც არენაზე' ბავარიელები 1-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შეეცდებიან.
Johan Cruyff explica muy bien lo que quiere la gente.
— Tomiconcina (@Tomiconcina) April 28, 2026
Los hinchas de Bayern Munich y PSG se irán con tranquilidad porque sus equipos los representan, porque salen a jugar al fútbol y no a especular.
pic.twitter.com/sYNNh8b67E