გვარდიოლა, სალაჰი, ტოტენჰემი და სხვები - პრემიერ ლიგის ემოციური დასასრული
პრემიერ ლიგის ბოლო ტური, სხვადასხვა მიზეზის გამო, საკმაოდ ემოციური გამოდგა. „ეტიჰადი“ გვარდიოლას, ბერნარდო სილვასა და ჯონ სტოუნსს, ხოლო „ენფილდი“, მო სალაჰსა და ენდი რობერტსონს დაემშვიდობა. სეზონის ბოლო შეხვედრაში, სადაც ლივერპულმა ბრენტფორდს უმასპინძლა, ეგვიპტელმა ფარაონმა საგოლე გადაცემა მიითვალა და კურტის ჯონსს გაატანინა. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. სალაჰმა, ლივერპულთან ერთად, სხვადასხვა ტურნირზე, ჯამში 442 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 120 საგოლე გადაცემა შეასრულა და 257 გოლი გაიტანა. აქედან 47 ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ლივერპულის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ენდი რობერტსონის ანგარიშზე კი, 378 ჩატარებულ მატჩში, 14 გოლი და 69 საგოლე გადაცემაა. რობერტსონი და სალაჰი ლივერპულში ერთდროულად, 2017-18 წლების სეზონში მივიდნენ და ჯამში 9 ტიტული მოიგეს. მათ შორის, 2 პრემიერ ლიგა და 1 ჩემპიონთა ლიგა.
რაც შეეხება სიტის, მანჩესტერელებმა „ეტიჰატიდან“ პეპ გვარდიოლა, ბერნარდო სილვა და ჯონ სტოუნსი გააცილეს. ესპანელმა სპეციალისტმა სიტი 2016 წელს ჩაიბარა და მთავარი მწვრთნელის რანგში, 593 შეხვედრა გამართა, საიდანაც 416 მოიგო, რაც თამაშების რაოდენობის 70%-ია. ჯონ სტოუნსის მონაგარი 294 მატჩია, რომლიდანაც ინგლისელმა მცველმა 213-ში გაიმარჯვა და 19 გოლის გატანაც შეძლო. ბერნარდო სილვას ანგარიშზე კი, 454 შეხვედრაში, 76 გოლი და 77 საგოლე გადაცემაა. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა სიტისთან ერთად 326 შეხვედრა მოიგო. პეპი და სტოუნსი სიტის წევრები 2016 წელს გახდნენ. ბერნარდო კი მანჩესტერელთა რიგებს 2017-ში შეუერთდა. მათ ერთად, სიტიში 19 ტიტული მოიგეს. ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი, 6 პრემიერ ლიგა, 2 ინგლისის ასოციაციის თასი, 5 ინგლისის ლიგის თასი, 3 ინგლისის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
ეს სეზონი, ისტორიული გამოდგა ბრუნო ფერნანდეშისთვის. ბოლო ტურში, ბრაიტონის წინააღმდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალილმა ნახევარმცველმა 21-ე საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინეს გაასწრო და პრემიერ ლიგის რეკორდი დაამყარა. ანრისა და დე ბრუინეს, აქამდე ერთ სეზონში 20-20 საგოლე გადაცემა ჰქონდათ შესრულებული. აღნიშნული დაპირისპირება „წითელმა ეშმაკებმა“ 3-0 მოიგეს. ერთ-ერთი გოლი მანჩესტერელთა კაპიტანმაც გაიტანა.
Longest night of my life. Thank you for everything once again! pic.twitter.com/eBeXKt2Cw2
— Mohamed Salah (@MoSalah) May 25, 2026
არ უნდა გამოგვრჩეს ტოტენჰემიც, რომელმაც ბოლო ტურში, ფინალის ტოლფასი შეხვედრა ჩაატარა და ევერტონთან გამარჯვებით, პრემიერ ლიგაში დარჩა. ლონდონელებმა, ლივერპულელებს მინიმალური ანგარიშით, 1-0 სძლიეს. გოლი, 43-ე წუთზე ჟოაო პალინიამ გაიტანა. ეს შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა ვესთ ჰემისთვის. ერთადერთი რაც „ჩაქუჩებს“ აწყობდათ, ევერტონის გამარჯვება იყო. მაგრამ მათდა სამწუხაროდ, საპირისპირო მოხდა და ტოტენჰემის გამარჯვებამ, „ქალაქელები“, ჩემპიონშიპში დააქვეითა. პრემიერ ლიგას, მინიმუმ ერთი წლით, ბარნლი და ვულვზიც დაემშვიდობნენ. თავად ჩემპიონშიპიდან კი, ჰალი, იფსვიჩი და ოცდახუთწლიანი პაუზის შემდეგ, ქოვენთრი დაბრუნდნენ.
სეზონის ბოლოს კი, ევროპის სხვადასხვა ტურნირზე გასული ინგლისური კლუბების სია ასე გამოიყურება.
ჩემპიონთა ლიგა - არსენალი, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ასტონ ვილა, ლივერპული.
ევროპა ლიგა - ბორნმუთი, სანდერლენდი.
კონფერენს ლიგა - ბრაიტონი.