Belive

ფავორიტისა და დებიუტანტის კიდევ ერთი დაპირისპირება

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის პირველ შეხვედრაში, ტურნირის ფავორიტი ესპანეთი, დებიუტანტ კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება.

მუნდიალის მოსამზადებელ პერიოდში, კაბო-ვერდემ სერბეთისა და ბერმუდის ნაკრებების წინააღმდეგ, ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ბევრის გასაკვირად, ორივე მატჩში, ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა. რაც შეეხება ესპანეთს, ევროპის მოქმედი ჩემპიონები, ამხანაგურ მატჩებში, ერაყისა და პერუს ნაკრებებს დაუპირისპირდნენ, საიდანაც "ლა-როხამ", სამხრეთ ამერიკელებს, 3:1 მოუგო. ერაყთან კი ფრედ, 1:1 ითამაშა.

"ეს ოცნების ასრულებაა". ამ სიტყვებით აღწერა, კაბო-ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა, პედრო ლეიტაუ ბრიტომ (ბუბიშტა) თავისი გუნდის სადებიუტო მატჩი 2026 წლის მუნდიალზე. მოწინააღმდეგისგან განსხვავებით კი, ესპანელებისთვის, ეს რიგით მეჩვიდმეტე მსოფლიო ჩემპიონატია.

ესპანელთათვის პოზიტიური სიახლეა ლამინე იამალის დაბრუნება, რომელსაც ტრამვის გამო, როგორც გუნდში, ასევე ნაკრებში დაახლოებით ორი თვე გაუცდა. 18 წლის ფეხბურთელზე ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემაც ისაუბრა.

ექიმების ინფორმაციით, ლამინეს დღევანდელ შეხვედრაში თამაში უპრობლემოდ შეუძლია. მაგრამ ამის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან მოედანზე 90 წუთი გაატაროს. ის ნაკრებს კარგ ფორმაში მყოფი სჭირდება და ჩვენც მის სათამაშო დროსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მისი ფიზიკური კონდიციის შესაბამისად მივიღებთ. ნებისმიერ შეთხვევაში, რამდენი დროც არ უნდა დაჰყოს მოედანზე, მჯერა, რომ მას თამაშზე გავლენის მოხდენა ნებისმიერ პირობებში შეუძლია. - ლუის დე ლა ფუენტე

გუშინ მსგავსი სცენარი უკვე ვიხილეთ, როდესაც ერთმანეთს ფავორიტი გერმანია და დებიუტანტი კურასაო შეხვდნენ. შეხვედრა გერმანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 7:1 დასრულდა. დღევანდელ მატჩს ესპანელებიც, რა თქმა უნდა, ფავორიტის რანგში ხვდებიან.

ესპანეთისა და კაბო-ვერდეს შეხვედრა, თბილისის დროით 20:00 - ზე დაიწყება. მატჩი ატლანტაში, "მერსედეს-ბენც სტედიუმზე" გაიმართება.

სხვა სტატიები