'ეს მხოლოდ დასაწყისია' | რა თქვეს კეინმა და ტუხელმა მატჩის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ინგლისის ნაკრებმა, ტურნირი დიდებული მატჩითა და გამარჯვებით დაიწყო. „სამმა ლომმა“ პირველივე ტურში საკმაოდ ძლიერ ხორვატიის ნაკრებთან ბრწყინვალე თამაში გამართა და მაყურებელს ნამდვილი საფეხბურთო შოუ აჩუქა. შეხვედრა ინგლისელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, 4:2 დასრულდა.
მიუხედავად სოლიდური ანგარიშისა, ტუხელის გუნდისთვის ყველაფერი მარტივად არ დაწყებულა. დალასში გამართული მატჩის პირველ ტაიმში ხორვატებმა ორჯერ მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა, თუმცა, მეორე ტაიმში მოედანზე სრულიად გარდასახული ინგლისი გამოვიდა. ჯუდ ბელინგემმა ბრწყინვალე სოლორეიდის შემდეგ გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, ანგარიში კი ბევრად უფრო დიდი გახდებოდა, რომ არა ხორვატთა მეკარის, დომინიკ ლივაკოვიჩის ფანტასტიკური თამაში. მატჩს წერტილი მარკუს რეშფორდმა დაუსვა, რომელმაც საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე გამოიყენა შანსი და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ამ მატჩში ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატებზე გატანილი გოლებით გარი ლინეკერს გაუტოლდა და ინგლისის რეკორდსმენი გახდა. შეხვედრის შემდეგ კაპიტანმა საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
"პირველი ტაიმის შემდეგ მწვრთნელმა სიტყვით მოგვმართა. მან უბრალოდ გვითხრა: ’თუ წავაგებთ, წავაგებთ, მაგრამ წავაგებთ ჩვენს სტილში, ჩვენი ფილოსოფიით.’ ბურთის გარეშე უფრო აგრესიულები გავხდით. მეორე ტაიმში ვიფიქრეთ, რომ უბრალოდ უნდა წავსულიყავით წინ. ის ინტენსივობა, რაც ვაჩვენეთ, ამ ტურნირზე უფრო ხშირად უნდა გამოვიყენოთ.
იმის გათვალისწინებითაც კი, თუ როგორ ვაკონტროლებდით თამაშს დაწინაურების შემდეგ, საფრთხის განცდა არც გვქონია. მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში შეგვეძლო სამი ან ოთხი გოლი გაგვეტანა. ჯუდის მონდომებას ვარჯიშებზეც ვხედავთ. გუნდში კონკურენცია უმაღლეს დონეზეა, ვინც არ უნდა ითამაშოს, მზადაა." - ჰარი კეინი
მუნდიალზე ასევე დებიუტო ჰქონდა ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს - ტომას ტუხელსაც, რომელმაც ინგლისის ნაკრებში ბრწყინვალე ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატზეც გააგრძელა.
„ეს იყო რთული მატჩი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორეში გაცილებით უკეთესები და ენერგიულები ვიყავით.
ეს ჩვენი პირველი გამარჯვებაა და გულშემატკივრობისთვის მადლობელები ვართ. ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვრეაგირებდით. ბევრი რამ შევქმენით და გამარჯვება დავიმსახურეთ.
წინ მნიშვნელოვანი მატჩებია და ბედნიერი ვარ, რომ ასპარეზობა ძალიან კარგად და დამაჯერებლად დავიწყეთ.
ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ გაცილებით მეტ სიურპრიზს გპირდებით." - ტომას ტუხელი
ინგლისის ნაკრები შემდეგ მატჩს 23 ივნისს, განას წინააღმდეგ გამართავს.