Diario Sport: 'ნეიმარის ბარსელონაში დაბრუნებას ჰანსი ფლიკი ეწინააღმდეგება'
ესპანური გამოცემა, Diario Sport წერს, რომ ჰანსი ფლიკი ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების წინააღმდეგია. მწვრთნელი ბრაზილიელს ასაკისა და ფიზიკური მდგომარეობის გამო იწუნებს.
დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრაზილიელს კატალონიურ კლუბში დაბრუნება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ნეიმარს საუკეთესო ფორმის ზაფხულამდე აღდგენა უნდა და ხელფასის შემცირებაზეც თანახმა იქნება. ბარსელონა მზადაა განიხილოს ფორვარდის შეძენის საკითხი, თუ ის სეზონის ბოლომდე "სანტოსში" 15 გოლს გაიტანს.
ფლიკი ფსონს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ინტენსიურ ფეხბურთზე აკეთებს, ამიტომ ის ფიქრობს, რომ ნეიმარის ასაკი და ფიზიკური შესაძლებლობები ბარსელონას დონეს ჩამოუვარდება.
ცნობილია ისიც, რომ ბარსას ხელმძღვანელობაში საბოლოო კონსესუსი არაა იმის თაობაზე, დაიწყონ თუ არა ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობა, თანაც ამას ხელი, შესაძლოა, კლუბის გაურკვეველმა ფინანსურმა მდგომარეობამაც შეუშალოს.