Belive

78 წლის ასაკში ისევ საქმეში: როი ჰოჯსონმა ბრისტოლ სიტი ჩაიბარა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი, როი ჰოჯსონი, ჩემპიონშიპის ბინადარ ბრისტოლ სიტის სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

78 წლის სპეციალისტი, რომელიც ამავე კლუბს შორეულ 1982 წელს წვრთნიდა, გუნდში გერჰარდ შტრუბერის გათავისუფლების შემდეგ მიიწვიეს. ჰოჯსონს სეზონის დასრულებამდე სულ რაღაც შვიდი მატჩი აქვს დარჩენილი და მისი ამოცანა გუნდში მდგომარეობის გამოსწორებაა.

როი ჰოჯსონის სამწვრთნელო კარიერა უკვე ხუთ ათწლეულს მოიცავს, ბოლოს იგი სამწვრთნელო საქმიანობით 2024 წელს იყო დაკავებული, როდესაც კრისტალ პალასს ხელმძღვანელობდა.

სეზონის დასაწყისში, გუნდი პლეი-ოფის ზონაში იმყოფებოდა, თუმცა ამჟამად ბრისტოლ სიტი ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში მე-16 ადგილზეა. გუნდს ზედიზედ ექვსი მატჩია არ მოუგია - ამ წარუმატებელ სერიაში შედის ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში მარცხიც, სადაც ბრისტოლელები პირველი ლიგის ბინადარ "პორტ ვეილთან" დამარცხდნენ.

"კლუბის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი საუბარი მქონდა. მიხარია, რომ სეზონის ბოლომდე გუნდს შემიძლია დავეხმარო", - ვკითხულობთ ბრისტოლ სიტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. "ჩვენ დაუყოვნებლივ შევუდგებით მუშაობას და ვეცდებით, წითელ პარასკევს დადებითი შედეგი ვაჩვენოთ", - აღნიშნა ინგლისელმა.

ჰოჯსონის სადებიუტო შეხვედრა 3 აპრილს, ჩარლტონ ატლეტიკის წინააღმდეგ შედგება.

1982 წელი, ჰოჯსონი ბრისტოლის სათავეში

როი ჰოჯსონს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 1269 მატჩი აქვს ჩატარებული. მას უმუშავია ისეთ კლუბებში, როგორიცაა "ინტერი" და "ლივერპული". გარდა ამისა, იგი სხვადასხვა დროს სათავეში ედგა ბლექბერნ როვერსს, ფულემს, ვესტ ბრომვიჩ ალბიონსა და კრისტალ პალასს.

მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა 17 სხვადასხვა კლუბსა და 4 ეროვნულ ნაკრებს მოიცავს. აუცილებლად აღსანიშნავი ფაქტია, რომ ჰოჯსონი ინგლისის ნაკრებსაც ედგა სათავეში (2012-2016).