სინერი კვლევებს მილანში იტარებს - მან შესაძლოა უიმბლდონი გამოტოვოს
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იანიკ სინერი სამშაბათს მილანის „სან რაფაელეს“ კლინიკაში დაბრუნდა, რადგან დაასრულოს კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევები, რომელიც ორშაბათს დაიწყო. ამის მიზეზი საფრანგეთის ღია პირველობაზე (როლან გაროსი) განცდილი ფიზიკური კოლაფსია, რის გამოც იტალიელი ტურნირს მოულოდნელად, მეორე წრეშივე გამოეთიშა.
ექიმები ამჟამად ინტენსიურად ცდილობენ დაადგინონ მიზეზი, თუ რამ გამოიწვია 24 წლის სპორტსმენის ფიზიკური გათიშვა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელ ხუან მანუელ ჩერუნდოლოსთან მატჩის მესამე სეტში სინერი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა მოულოდნელად ძალები სრულად გამოელია. მატჩის შემდეგ იტალიელმა ვარსკვლავმა ყველაფერი სიცხეს კი არ დააბრალა, არამედ აღნიშნა, რომ მას უბრალოდ ენერგიის კატასტროფული დაცემა ჰქონდა.
comincio seriamente a preoccuparmi
— robiツ (@jsinn_18) June 8, 2026
qualcuno controlli cosa c'è sotto quel cappellino pic.twitter.com/v9IOLnxpKZ
ეს ამბავი მით უფრო დასანანია იმ ფონზე, რომ სინერი წელს როლან გაროსის მოგების უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა. მას ჰქონდა ბრწყინვალე შანსი, თავისი დიდი სლემის ტიტულების რაოდენობა 5-მდე გაეზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისმა მთავარმა კონკურენტმა, 23 წლის ესპანელმა და დიდი სლემის 7-გზის ჩემპიონმა კარლოს ალკარასმა მაჯის ტრავმის გამო საფრანგეთის ღია პირველობასა და უიმბლდონზე გამოსვლაზე წინასწარ თქვა უარი.
როგორც იტალიურ მედიაში იწერება, იანიკ სინერს 28 მაისის შემდეგ არ უვარჯიშია, რადგან მიმდინარეობს მისი გამოკვლევების პროცედურები და ელოდებიან ზუსტ მიზეზს, რის შემდეგაც გადაიდგმევა შესაბამისი ნაბიჯები და გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა იგი ბალახის საფარზე სწრაფად დაბრუნებასა და უიმბლდონისთვის მომზადებას.
შეგახსენებთ, რომ იანიკ სინერი თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი მთავარი დომინანტია. მის ანგარიშზე უკვე არის დიდი სლემის 4 ტიტული. შარშანდელი როლან გაროსის ფინალი კი, სადაც სინერს სამი მატჩ-პოინტი ჰქონდა, თუმცა ხუთსეტიან დრამატულ ბრძოლაში ესპანელ ალკარასთან დამარცხდა, პარიზის ტურნირების ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მატჩად არის აღიარებული.
ამჟამად, მთელი საჩოგბურთო სამყარო მილანიდან კლინიკის პასუხებს ელოდება, რათა გაირკვეს, რამდენად სერიოზულია პირველი ჩოგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა.