10 სპორტული ამბავი, რომელიც GTA VI-ის გამოსვლამდე მოხდა
სპორტული მოვლენები, რომელიც პოპულარული ვიდეო თამაშის გამოსვლამდე მოხდა
10 სპორტული ამბავი, რომელიც GTA VI-ის გამოსვლამდე მოხდა
2013 წლის 17 სექტემბერი. Rockstar Games-მა GTA V გამოუშვა. თამაში, რომელიც ვიდეოთამაშების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად იქცა და რომლის გაგრძელებასაც მილიონობით ადამიანი წლების განმავლობაში ელოდა.
მას შემდეგ 13 წელზე მეტი გავიდა. GTA VI-ის მოლოდინში მთელი თაობა გაიზარდა, მსოფლიო შეიცვალა და სპორტში იმდენი დაუჯერებელი რამ მოხდა, რომ ზოგჯერ თავადაც გვიჭირს დაჯერება.
მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რონალდუმ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, ბრაზილიამ საკუთარ მოედანზე შვიდი გოლი გაუშვა, ლესტერი ინგლისის ჩემპიონი გახდა და ლებრონ ჯეიმსმა თითქმის 40-წლიანი რეკორდი მოხსნა.
მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ამ წლებმა კიდევ უფრო განსაკუთრებული ისტორიები დაწერა. პირველად ვნახეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, გვყავდა UFC-ის ორი მსოფლიო ჩემპიონი და ესეც არ ვიკმარეთ! ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ყველაფერი ეს GTA VI-ის გამოსვლამდე მოხდა.
გავიხსენოთ ტოპ 10 ამბავი, რომლებიც 2013 წელს რომ ვინმეს ეწინასწარმეტყველებინა, ალბათ ბევრს არ დავუჯერებდით.
1. საქართველო ევრო 2024-ზე გავიდა, ჯგუფიც დაძლია და ქართველი ფეხბურთელი ტურნირის თანაბომბარდირი გახდა
ალბათ ყველაზე ემოციური ამბავი, რომელიც ქართულ სპორტს ამ პერიოდში გადახდა.
2024 წლის 26 მარტი საქართველოს ფეხბურთის და არამარტო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. საბერძნეთთან 120 წუთის განმავლობაში გოლი არ გასულა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა. ნიკა კვეკვესკირის ზუსტი დარტყმა, დინამო არენაზე ათიათასობით გულშემატკივრის სიხარულის ყვირილი და ისტორიული შედეგი საქართველო პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე.
ეს იყო დღე, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ათწლეულების განმავლობაში ელოდა. თაობები გაიზარდნენ იმ იმედით, რომ ოდესმე ჩვენი ნაკრებიც ითამაშებდა დიდ საერთაშორისო ტურნირზე. 26 მარტს ეს ოცნება რეალობად იქცა, მთელი საქართველო ფეხზე ადგა, გარეთ გამოვიდა და იზეიმა ისე, როგორც ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე.
თუმცა ისტორია ამით არ დასრულებულა.
ზუსტად სამი თვის შემდეგ, 26 ივნისს, “ჯვაროსნები” ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიას დაუპირისპირდნენ. გუნდს, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუ ჰყავდა და რომელიც ევროპის ჩემპიონი რვა წლით ადრე გახდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე წუთზე გაიტანა, ჟორჟ მიქაუტაძემ მეორე ტაიმში პენალტი გამოიყენა და საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა.
ჩვენმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლაც მოახერხა.
და კიდევ ერთი ისტორიული ამბავი: ჟორჟ მიქაუტაძემ სამი გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატის ექვს თანაბომბარდირს შორის აღმოჩნდა.
რამდენიმე თვით ადრე ქართველებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაც უდიდესი ოცნება იყო. ახლა კი ჩვენი ნაკრები პორტუგალიას ამარცხებდა, მერვედფინალში თამაშობდა და ქართველი ფეხბურთელი ევროპის საუკეთესო ბომბარდირებს შორის იდგა.
ჩვენ გვეგონა რომ ეს ყველაფერი GTA X-ის გამოსვლამდეც ვერ მოხდებოდა, თუმცა…
2. UFC-ის ორი ქართველი ჩემპიონი - ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი
2013 წელს, როდესაც GTA V გამოვიდა, საქართველოში ცოტამ თუ იცოდა საერთოდ ორგანიზაცია UFC-ის შესახებ. არ ვიცოდით არც MMA, თუმცა ამ 13 წელიწადში ორგანიზაციამაც და სპორტმაც უდიდესი პროგრესი განიცადეს და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოვლენად გადაიქცნენ სპორტულ უიქენდებზე.
2024 წელს კი რამდენიმე თვის ინტერვალში სატიტულო ქამრის აღება ორმა ქართველმა მოახერხა.
17 თებერვალს ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და ნახევრადმსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს იყო გამარჯვება მებრძოლთან, რომელიც წლების განმავლობაში დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე დომინანტ ჩემპიონად ითვლებოდა.
შვიდი თვის შემდეგ, 14 სექტემბერს, მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ერთი პატარა ქვეყანა და UFC-ის ორი ჩემპიონი.
მაგრამ ამ ისტორიის განსაკუთრებულობა მხოლოდ ქამრებში არ არის.
ილიას თავდაჯერება, მერაბის დაუღალავი შრომა, წლები, რომლებიც მათ ამ მომენტებამდე გაიარეს, და საქართველოს დროშა მსოფლიოს ყველაზე დიდ საბრძოლო არენებზე, ეს ყველაფერი ქართველი გულშემატკივრისთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ორი სპორტული გამარჯვება.
და სანამ GTA VI გამოვიდოდა, ილია თოფურიამ მეორე წონითი კატეგორიის ჩემპიონობაც მოიპოვა.
ახლა კი სულ “გავნაგლდით”, ალექსანდრე თოფურიას მესამე ქამარსაც ველოდებით GTA VII-მდე.
3. ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონობა
ახლა კი მთავარ მსოფლიო სპორტულ მოვლენებზე გადავიდეთ.
მესის კარიერაში თითქმის ყველაფერი მოგებული ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგა, ოქროს ბურთები, უამრავი რეკორდი და ინდივიდუალური ჯილდო.
მაგრამ ერთი ტიტული აკლდა - მსოფლიო ჩემპიონობა.
2022 წლის 18 დეკემბერს, კატარში, არგენტინამ და საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფინალი ითამაშეს.
მესი ორჯერ გახდა გოლის ავტორი, კილიან მბაპემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მატჩი 3:3 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
არგენტინამ გაიმარჯვა.
მესიმ, რომელსაც წლების განმავლობაში დიეგო მარადონას ადარებდნენ და რომლის უდიდეს ფეხბურთელად აღიარებისას ხშირად სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის არქონას ახსენებდნენ, ბოლოს ყველაზე სანუკვარი თასი მაინც აღმართა.
მსოფლიომ იხილა 35 წლის მესი, რომელიც კატარის ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილი, მსოფლიო თასს კოცნიდა.
2013 წელს მესი ჯერ კიდევ ბარსელონაში თამაშობდა, არგენტინასთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მხოლოდ ოცნებად ჰქონდა.
კიდევ კარგი ეს ოცნება GTA VI-მდე გამოსვლამდე აუხდა.
4. კრიშტიანუ რონალდუს ევროპა და რეკორდების მთელი კოლექცია
2013 წელს კრიშტიანუ რონალდუ 28 წლის იყო, მადრიდის რეალში თამაშობდა და უკვე მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა.
მაგრამ მისი კარიერის არაერთი უდიდესი მიღწევა ჯერ კიდევ წინ იყო.
2016 წელს პორტუგალიამ ისტორიაში პირველად მოიგო ევროპის ჩემპიონატი. საფრანგეთთან ფინალში რონალდუ ტრავმის გამო მოედნიდან ნაადრევად გავიდა, თუმცა მთელი ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ბოლოს ლამის მწვრთნელობაც კი შეითავსა.
ედერის გოლმა პორტუგალიას ისტორიული ტიტული მოუტანა, რონალდუმ კი სანაკრებო კარიერის ერთ-ერთი მთავარი ოცნება აისრულა.
შემდეგ წლებში მან კიდევ უფრო გაამყარა თავისი ადგილი ფეხბურთის ისტორიაში.
რონალდუმ მოიგო კიდევ ოთხი ჩემპიონთა ლიგა 2013 წლის შემდეგ, გახდა მამაკაცთა სანაკრებო ფეხბურთისა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, გადააბიჯა კარიერაში 950 ოფიციალური გოლის ნიშნულს და 2025 წელს პორტუგალიასთან ერთად მეორედ მოიგო ერთა ლიგა.
ფეხბურთელი, რომელიც GTA V-ის გამოსვლისას კარიერის პიკში შედიოდა, GTA VI-ის მოლოდინში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ და შედეგიან კარიერას აგრძელებს, არის თაობების ინსპირაცია და ყველაზე ცნობილი ადამიანი დედამიწაზე.
5. ლესტერ სიტი…
ახლა კი გადავიდეთ ამბავზე, რომელიც GTA-ის კი არა ალბათ ბუნების კანონებს სცდება. 2015/16 წლების სეზონის დაწყებამდე ლესტერ სიტის პრემიერ ლიგის ჩემპიონობის შანსს ბუკმეიკერები 5000/1-ად აფასებდნენ.
ერთი წლით ადრე გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. მომდევნო წელს კლაუდიო რანიერის ხელმძღვანელობით ინგლისის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. ლიგის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე რთულ მოსაგებად ითვლება, ლესტერმა სრული ტრანსფომაცია მხოლოდ ერთ წელში გაიარა და შეუძლებელი შეძლო.
ჯეიმი ვარდი, რიად მაჰრეზი, ნგოლო კანტე და ფეხბურთელები, რომლებსაც სეზონის დასაწყისში თითქმის არავინ მიიჩნევდა მომავალ ჩემპიონებად, კვირიდან კვირამდე ამტკიცებდნენ, რომ შეუძლებელი შესაძლებელი იყო.
საბოლოოდ კი ლესტერმა პრემიერ ლიგა მოიგო.
მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, არსენალი, მანჩესტერ სიტი და ლივერპული, ყველა მათგანი პატარა ქალაქის გუნდმა ჩამოიტოვა.
ეს იყო გამარჯვება, რომელმაც კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რატომ გვიყვარს ფეხბურთი: ყოველთვის ყველაფერი ფულით, სახელებითა და წინასწარი პროგნოზებით არ წყდება.
ლესტერის ჩემპიონობა დღემდე რჩება თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად.
6. ბრაზილია 1 : 7 გერმანია
ბრაზილია. მსოფლიო ჩემპიონატი. ნახევარფინალი. ბელუ-ორიზონტი.
ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი ნაკრები საკუთარ ქვეყანაში მეექვსე მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოდა.
მეტოქე გერმანია იყო.
რაც შემდეგ მოხდა, გაგაოცებთ და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუჯერებელ შედეგად დარჩება.
მე-11 წუთზე თომას მიულერმა ანგარიში გახსნა. 29-ე წუთისთვის გერმანია უკვე 5:0-ს იგებდა.
ტრიბუნებზე გულშემატკივრები ტიროდნენ. ბრაზილიელი ფეხბურთელები დაბნეულები იყვნენ. მილიონობით მაყურებელი კი ტელევიზორთან უყურებდა თამაშს, რომლის შედეგიც სრულიად დაუჯერებლად გამოიყურებოდა.
საბოლოოდ გერმანიამ 7:1 გაიმარჯვა.
ბრაზილიამ, ქვეყანამ, სადაც ფეხბურთი ეროვნული იდენტობის ნაწილია, საკუთარ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული მარცხი განიცადა.
ეს არ იყო უბრალოდ წაგებული ნახევარფინალი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი საღამო მსოფლიო სპორტის ისტორიაში.
7. ლებრონ ჯეიმსი - NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულე
1984 წელს ქარიმ აბდულ-ჯაბარმა NBA-ის ყველა დროის საუკეთესო მექულის სტატუსი მოიპოვა.
მისი რეკორდი თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.
2023 წლის 7 თებერვალს კი ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა და ოკლაჰომა სიტი თანდერის შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსმა ისტორია გადაწერა.
მესამე მეოთხედში შესრულებული სროლით მან კარიერაში 38 388 ქულას მიაღწია და აბდულ-ჯაბარს გადაასწრო.
თამაში შეჩერდა. დარბაზი ფეხზე წამოდგა. მოედანზე თავად ქარიმიც იმყოფებოდა, რომელმაც ლებრონს სიმბოლურად ისტორიული რეკორდის გადაბარება მიულოცა.
რეკორდი, რომელიც თითქმის 39 წელი ვერავინ მოხსნა, საბოლოოდ დაემხო.
და რაც კიდევ უფრო საოცარია, ლებრონი ამით არ გაჩერებულა, მოგვიანებით NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 40 000-იანი ქულის ზღვარს გადააბიჯა.
8. ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონი სეზონის ბოლო წრეზე გამოვლინდა
2021 წლის ფორმულა 1-ის სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა და მოხდა ისეთი რამ, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა…
ლუის ჰამილტონი მერვე და სარეკორდო მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაქს ფერსტაპენი კი პირველი ტიტულის მოსაპოვებლად.
ბოლო რბოლის წინ ორივე პილოტს ზუსტად ერთნაირი რაოდენობის ქულა ჰქონდა. აბუ-დაბის გრან-პრიზე ჰამილტონი ლიდერობდა და ჩანდა, რომ ისტორიულ მერვე ჩემპიონობას მოიპოვებდა.
მაგრამ რბოლის მიწურულს ნიკოლას ლატიფის ავარიამ ყველაფერი შეცვალა.
უსაფრთხოების მანქანის გამოსვლის შემდეგ რბოლა ერთი უკანასკნელი საბრძოლო წრისთვის განახლდა. ფერსტაპენმა, რომელსაც ახალი საბურავები ჰქონდა, ჰამილტონს გაასწრო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
დაფიქსირდა აქამდე უპრეცენდენტო შემთხვევა და სეზონის გამარჯვებული ბოლო წრეზე შეიცვალა.
ფინალს დიდი დაპირისპირება მოჰყვა უსაფრთხოების მანქანის პროცედურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო, თუმცა შედეგი მაინც ძალაში დარჩა.
ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და საკამათო ჩემპიონობა მაქს ფერსტაპენმა მოიპოვა და ჰამილტონის მე-8 ჩემპიონობა GTA VII-ის გამოსვლამდე გადადო.
9. მსოფლიო სპორტი გაჩერდა - პანდემია, ცარიელი სტადიონები და გადადებული ტურნირები
2020 წლის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე თვეში მსოფლიო სპორტი თითქმის მთლიანად გაჩერდებოდა.
კორონავირუსის პანდემიამ ის გააკეთა, რაც ომებისა და უდიდესი კრიზისების გარდა თითქმის ვერაფერმა შეძლო, მსოფლიოს წამყვანი სპორტული შეჯიბრებები ერთდროულად შეაჩერა.
ევროპის წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატები შეწყდა. NBA-ის სეზონი შეჩერდა. ფორმულა 1-ის კალენდარი შეიცვალა. ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადაიდო, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კი პირველად ისტორიაში ერთი წლით გადაიტანეს.
შემდეგ სპორტი დაბრუნდა, მაგრამ სრულიად განსხვავებული სახით.
ფეხბურთელები ცარიელ სტადიონებზე თამაშობდნენ. გოლის შემდეგ ტრიბუნებიდან შეძახილები აღარ ისმოდა. კალათბურთის მატჩები სპეციალურად მოწყობილ იზოლირებულ გარემოში იმართებოდა.
სპორტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, გულშემატკივარი, დროებით გაქრა ტრიბუნებიდან.
დღესაც უცნაურია იმ კადრების ნახვა, რომლებშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ცარიელ სტადიონებზე თამაშობენ და საკუთარი ხმები ესმით.
GTA V-ის გამოსვლისას ასეთი სცენარი ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალობას.
10. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
სიმართლე გითხრათ პირადად ჩემთვის, 2013 წელს ცხრავე ზევით ჩამოთვლილი მოვლენა რომ ეთქვათ, შეიძლება დამეჯერებინა, თუმცა ჩვენი სიის მეათე მოვლენას ყველაზე კარგ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი.
2013 წელს ხვიჩა კვარაცხელია 12 წლის იყო.
მაშინ, როცა მსოფლიო GTA V-ს თამაშობდა, საქართველოში იზრდებოდა ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცეოდა.
მისი დიდი საფეხბურთო ისტორია იტალიაში დაიწყო.
2022 წელს ხვიჩა ნაპოლიში გადავიდა და მას შემდეგ ჩვენთან ერთად მოგზაურობს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალებზე. პირველივე სეზონში ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, გულშემატკივრებმა „კვარადონა“ შეარქვეს და ნაპოლის 33-წლიანი ლოდინის დასრულებაში დაეხმარა.
2023 წელს ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდა, ხვიჩა კი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შემდეგ იყო საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, პორტუგალიის კარში გატანილი ისტორიული გოლი და კიდევ უფრო დიდი გამოწვევა - პარი სენ-ჟერმენი.
2025 წელს ხვიჩამ პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ფინალში, მილანის ინტერის წინააღმდეგ, მან გოლიც გაიტანა და ქართველი ფეხბურთელი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ყველაზე კარგი გრძნობაა, როდესაც გგონია რომ ყველაფერი მოხდა, მაგრამ ისტორია ამით არ სრულდება და წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვება გველოდა.
2025/26 წლების სეზონში კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა, 6 საგოლე გადაცემა შეასრულა, პსჟ-ს ტიტულის დაცვაში დაეხმარა და…
2026 წლის 31 მაისს UEFA-მ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ქართველი ფეხბურთელი - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე. ამ სიტყვათაშეთანხმება ჩემს გონებაში მართლაც რომ წარმოუდგენლად ჟღერდა.
ფეხბურთელი, რომლის თამაშის სანახავად ადრე ქართველები უცხოელი ვარსკვლავების მატჩებს ვრთავდით, ახლა თავად იყო ის ვარსკვლავი, რომლის სანახავადაც მთელი მსოფლიო უყურებდა ფეხბურთს.
საქართველოსთვის ეს მხოლოდ ერთი მოთამაშის წარმატება არ ყოფილა. ეს იყო კიდევ ერთი დასტური, რომ პატარა ქვეყნიდანაც შეიძლება მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ასვლა.
და ეს ყველაფერი GTA VI-ის გამოსვლამდე მოხდა. მართლა რამდენი რამე დაიტია ამ 13-მა წელმა.
ახლა დავტკბეთ ამ გენიალური თამაშით, GTA VII-ის გამოსვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა…