ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის შესახებ
2024/25 წლების სეზონი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ახალ ფურცელს ჩაწერს - წინ ბევრი სიახლე გველოდება და ტურნირს ძველი სახით ვეღარასდროს ვიხილავთ. ამ სტატიაში არამარტო ჩემპიონთა ლიგის, არამედ ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ფორმატში არსებულ ცვლილებებს ვრცლად მიმოვიხილავთ და თუ რამდენად გაამართლებს უეფა-ს გადაწყვეტილება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ.
ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატში, თითოეული მატჩი, გოლი და ქულა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. უეფა-ს თანახმად, ახალი სისტემა, რომელსაც "შვეიცარიულ მოდელს" უწოდებენ, მეტ დაძაბულობას, გულშემატკივარის ჩართულობას, სატურნირო ცხრილში ბევრ ცვლილებასა და მოულოდნელობით აღსავსე მატჩებს განაპირობებს. მეორე მხრივ, ცხადია, მეტი მატჩი სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან მიღებულ მეტ შემოსავალსა და სარეკლამო კონტრაქტებს განაპირობებს.
2024/25 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე არა 32, არამედ 36 გუნდს ვიხილავთ. ფეხბურთის გულშემატკივარი შეჩვეული იყო ჯგუფური ეტაპის ფორმატს, სადაც 32 გუნდი 8 ჯგუფში (A-H) იყო გადანაწილებული. თუმცა ახალ სეზონში, ჯგუფური ეტაპი უქმდება და იგი ეროვნულ ჩემპიონატების მსგავსი სატურნირო ცხრილის პრინციპით ჩანაცვლდება - ეს ცვლილება კი ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზეც გავრცელდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი
ეროვნული ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე თითოეული გუნდი ერთმანეთთან არ ითამაშებს. მაგალითისთვის, ავიღოთ "ბაიერნი": სეზონის განმავლობაში, "ბუნდესლიგაში" იგი თითოეულ გერმანულ გუნდს 2-ჯერ შეხვდება, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე სიტუაცია სხვაგვარად იქნება.
წილისყრის შედეგად გაირკვევა, თუ რომელ 8 გუნდთან მოუწევს "ბაიერნს" თამაში. სხვა დანარჩენ 27 კლუბს "რეკორდმაისტერი" არ შეხვდება. თუმცა საერთო სატურნირო ცხრილში, კონკურენციაში ყველა გუნდთან იქნება.
წილისყრამდე, ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე 36 გუნდი 4 კალათაში იქნება გადანაწილებული (მათი კოეფიციენტების მიხედვით). კვლავ "ბაიერნის" მაგალითით გეტყვით, რომ მიუნხენური გრანდი თითოეული კალათის 2 წარმომადგენელს დაუპირისპირდება. პლეი-ოფის ფაზამდე, ტურნირზე მონაწილე გუნდები 8 მატჩს გამართავენ (4 საშინაო და 4 გასვლითი შეხვედრა).
როგორ ჩატარდება წილისყრა?
წლების განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული შტრიხი წილისყრის პროცესი გახლდათ. ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად, უეფა-ს გენერალური მდივანი, ჯორჯო მარკეტი, ბურთის ბრმად ამოღების პრინციპით, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრილ გუნდებს 8 ჯგუფში ანაწილებდა. ამიერიდან, ეს წესიც იცვლება.
უეფა-ს თანახმად, ახალ ფორმატს წილისყრის ახალი კონცეფციაც სჭირდებოდა, რადგან თუკი ეს პროცესი ძველი წესით გაიმართებოდა, საჭირო იქნებოდა 1000-მდე ბურთის ამოღება-გახსნა და სცენაზე 36 თასის განთავსება, რაც წარმოუდგენელი იყო.
პროცესის ასაჩქარებლად, უეფა-მ ახალი, კომპიუტერიზებული სისტემა შეიმუშავა, რომელიც წილისყრის პროცესს შემთხვევითობის პრინციპით განახორციელებს. კომპიუტერულ კოდში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი დეტალები, რომელიც ჩიხში შესვლას გამორიცხავს. მაგალითად, დაშვებულია 1 ქვეყნის მაქსიმუმ 2 გუნდის დაპირისპირება ერთმანეთთან.
იმისთვის, რომ ფეხბურთის გულშემატკივარმა წილისყრის სამართლიანობაში ეჭვი არ შეიტანოს, უეფა-მ კონტრაქტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და სანდო აუდიტორულ კომპანია Ernst & Young-თან გააფორმა, რომელიც პროცესს სრულ მეთვალყურეობას გაუწევს.
წილისყრა 29 აგვისტოს, მონაკოში გაიმართება.
რა ხდება 8 მატჩის შემდეგ
საუკეთესო 8 გუნდი, რომელიც 1-8 პოზიციას დაიკავებს, მერვედფინალში ავტომატურად გადაინაცვლებს;
9-24 ადგილზე გასული 16 კლუბი ერთმანეთს 2-მატჩიან დუელში დაუპირისპირდება. ამ დაპირისპირებებში გამოვლენილი 8 გამარჯვებული 1/8 ფინალში გადაინაცვლებს;
რაც შეეხება 25-36 პოზიციაზე მყოფი გუნდებს - ისინი ტურნირს გამოემშვიდობებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა ლიგასა თუ კონფერენს ლიგაზეც არ ითამაშებენ.
პლეი-ოფი და ფინალი
ამ ნაწილს ცვლილება არ ეხება და შეხვედრები სტანდარტული სისტემის მიხედვით გაიმართება. ფინალურ მატჩს, 31 მაისს, ალიანც არენა (მიუნხენი) უმასპინძლებს. მომდევნო სეზონში, ტურნირის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად იქნება განთესილი - ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუკი კლუბი ეროვნული ჩემპიონატის გავლით ლიგაზე ვერ მოხვდება.
ასევე, უცვლელი რჩება შემდეგი წესი: ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულები, ერთმანეთს 2025 წლის სუპერ თასის ფინალში დაუპირისპირდებიან.
რამდენი გუნდს წარადგენს თითოეული ქვეყანა?
თუ რამდენი წარმომადგენელი ეყოლება ამა თუ იმ ქვეყანას, ამას გასული 5 წლის განმავლობაში (2018/19-დან 2022–23-მდე), ევროტურნირებზე ნაჩვენები რეზულტატი წყვეტს. ბოლო 5 სეზონის მონაცემით, პირველ ხუთეულს ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი აკომპლექტებენ და მათ 4 გუნდის წარდგენის უფლება აქვთ.
თუმცა ამას ემატება ერთი გარემოება: გასულ სეზონში, ყველაზე მეტ კოეფიციენტს გერმანულმა და იტალიურმა კლუბებმა მოუყარეს თავი. ამის შედეგად, მათ კიდევ 1 გუნდის წარდგენის უფლება მიიღეს (EPS). რა თქმა უნდა, ეს კომპონენტი ყოველ წელს განახლებადი იქნება.
ამავე კოეფიციენტების მიხედვით, საქართველოს ჩემპიონთა ლიგაზე 1 წარმომადგენის წარდგენა შეუძლია (საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის შემთხვევაში). 55 ქვეყანას შორის, საქართველო 46-ე ადგილს იკავებს, რაც ჩვენი ქვეყნის საკლუბო ფეხბურთის მძიმე ვითარების ნათლად ამსახველია. საქარველო მალტას, ჩრდ. ირლანდიას, ფარერებს, ლუქსემბურგს და სხვა ქვეყნებს ჩამორჩება.
პოზიცია | ქვეყანა | კოეფიციენტი | გუნდების რაოდენობა ჩემპიონთა ლიგაზე | დამატებითი გუნდი |
---|---|---|---|---|
1 | ინგლისი | 109.570 | 4 | |
2 | ესპანეთი | 92.998 | 4 | +1 (EPS) |
3 | გერმანია | 82.481 | 4 | +1 (EPS) |
4 | იტალია | 81.926 | 4 | |
5 | საფრანგეთი | 61.164 | 4 | |
6 | ნიდერლანდები | 59.900 | 3 |
რამდენ მატჩს ვიხილავთ განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზე?
125-ის ნაცვლად, 189-ს. ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე თითოეული გუნდი, მინიმუმ, 2-ით მეტ მატჩს (8) ჩაატარებს.
ფინალში გასულ გუნდს, დასკვნითი მატჩის ჩათვლით, მინიმუმ 15-ჯერ ექნება ნათამაშები (შეიძლება 17-ჯერაც, თუკი პლეი-ოფში გასვლამდე, პირველ 8 გუნდში ვერ მოხვდა). აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები მაქსიმუმ 13 შეხვედრას ატარებდნენ.
თეორიულად, მაქსიმუმ რამდენი გუნდის წარდგენა შეუძლია 1 ქვეყანას?
ასეთი რამ მხოლოდ თეორიული მსჯელობის საგანია, თუმცა მაინც ვთქვათ:
თუკი რომელიმე ქვეყანა ჩემპიონთა ლიგაზე 5 ადგილს მიიღებს;
თუკი ამ ქვეყნის წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში, დარჩება 5-ეულს მიღმა;
და თუკი ამავე ქვეყნის წარმომადგენელი მოიგებს ევროპა ლიგას, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატში, 5-ეულს მიღმა დარჩება:
ასეთ შემთხვევაში, ერთი ქვეყანა 7 კლუბის წარდგენის უფლებას მიიღებს, რაც, ერთი მხრივ, წარმოუდგენელია, თუმცა მაინც გაგახსენებთ: იმ სეზონში, როდესაც "ლივერპულმა" "მილანი" ლეგენდარულ ფინალში დაამარცხა (3:3, გამარჯვება პენალტების სერიით), რაფაელ ბენიტესის გუნდმა პრემიერ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავა და ამის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის საგზური მაინც მიიღო.