Belive

ვლადიმირ ვაისი: "შანსი ბევრ ახალგაზრდას მივეცით და ზოგმა ვერ გაამართლა, კვარაცხელიას შემთხვევაში კი ასე არ არის"

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
8 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის C დივიზიონში მეორე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. ჯვაროსნების მეტოქე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები იქნება. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში, ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. "მოგესალმებით, მიხარია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთმანეთს ისევ შევხვდით. მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის გათამაშება 3 ქულით დავიწყეთ. ახლა მორიგი შეხვედრის მოლოდინში ვართ. მაკედონიის სახით ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა აუცილებლად 3 ქულისთვის ვითამაშებთ. ვაკო გვილია ხვალისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. ის ტრავმირებული არ ყოფილა, თუმცა ჯანმრთელობის მხრივ მცირე პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ესტონეთში არ გამოემგზავრა. მას დასვენებისთვის 3-4 დღე მიეცა და ახლა, სათამაშოდ უკვე მზად არის. რა თქმა უნდა, კორონავირუსის გამო, ამერიკიდან ევროპაში ფეხბურთელების ტრანსპორტირება, მარტივი არ იქნება, მაგრამ "სან ხოსესთან" ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა და გვპირდებიან, რომ 8 ოქტომბერს, ბელარუსთან გასამართი შეხვედრისთვის ვაკო და გურამი საქართველოში ჩამოვლენ. კაშიას არ ჰქონია საკმარისი სათამაშო დრო კლუბში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის ჩვენი გუნდის ვიცე-კაპიტანი და ლიდერია. ყველას სურს, რომ ის ჩაკვეტაძე იხილოს, რომელიც 2 წლის წინ იყოს. ტრავმების და კორონავირუსის პანდემიის გამო, მას ძალიან დიდი დრო გაუცდა, თუმცა ესტონეთთან ჩვენ მისი თამაში ვნახეთ, მან 90 წუთი ითამაშა და ნამდვილად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ბევრი უდნა იმუშაოს და სასურველ ფორმას დაუბრუნდეს. ჩვენ ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი მივეცით, რაც სიმართლე გითხრათ, მაშინებს ხოლმე. ჩვენ შანსი მივეცით არაბიძეს, ხარაბაძეს, თუმცა ეს ზოგჯერ არ ამართლებს, კვარაცხელიას შემთხვევაში კი ასე ნამდვილად არ არის. მას ყველაფერი შესანიშნავი აქვს, ფანტასტიკურია მისი დრიბლინგი, ბოლო პასი, მას უყვარს ბურთი და მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს. იმედია, როგორც ესტონეთთან, ხვალინდელ შეხვედრაშიც თავის თამაშს ითამაშებს. მას უმაღლესი დონის მწვრთნელის ლეონიდ სლუცკის ხელმძღვანელობით უწევს თამაში და ეს ხვიჩასთვის დიდი გამოცდილებაა. კვარაცხელია უდიდესი ტალანტია და მისი საფეხბურთო კარიერა მის ხელშია.  მთლიანად კონცენტრირებულები ვართ ხვალინდელ მატჩზე. რთულია იმ შეხვედრაზე საუბარი, რომელიც 1 თვის შემდეგ გაიმართება. წინ მთელი თვეა, არ ვიცით რა მდგომარეობა იქნება: ეპიდემილოგიური, ფეხბურთელების ჯანმრთელობის და მაყურებლის დასწრების კუთხით. ამიტომ წინასწარ საუბარი ძალიან რთული იქნება. პირადად ჩემთვის ადვილი პერიოდი არ ყოფილა. 10 თვე ფეხბურთის და ვარჯიშის გარეშე გავატარეთ. საპირისპიროდ, ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელები შიდა ჩემპიონატებში გამოდიოდნენ და ფიზიკურად კარგ ფორმაში იქნებიან, მაგრამ ჩვენ 100%-ზე უფრო მეტით ვემზადებით. ეს თამაში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ქართველი ქომაგი უნდა გავახაროთ.  ოქრიაშვილს თავის ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. მან მუხლზე ორჯერ ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა ახლა, საბედნიეროდ ყველაფერი დაალაგა. ოქრიაშვილი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მას უყვარს ფეხბურთი, მისი ტალანტი უბრალოდ გასაოცარია, თუმცა ტრავმები სრულფასოვნად მზადყოფნის შესაძლებლობას არ აძლევს. სასიხარულოა, რომ ის დაბრუნდა. როცა საქართველოში მოვედი, ქართველი ფეხბურთელები იტალიაში, ნიდერლანდებში და სხვა წამყვან ჩემპიონატებში თამაშობდნენ, ახლა კი ჩვენი ლეგიონერების ქვეყნები კვიპროსი, რუსეთი და ყაზახეთია, მაგრამ მიუხედავად იმისა თუ სად თამაშობენ, ისინი საჭირო ფეხბურთელები არიან და თუ კარგ ფორმაში იქნებიან, შანსი აუცილებლად მიეცემათ", - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა. საქართველოს ნაკრებმა ახალი ევროპული სეზონი 6 სექტემბერს, ტალინში, მასპინძელი ესტონეთის ძლევით (1:0) დაიწყო. რაც შეეხება თბილისში ჩასატარებელ შეხვედრას, ის "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები