'ვინ ირჩევს კუთხეს ერთი ერთზე' - ლივერპულის ფანებმა კრიტიკას უმატეს
პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში ბრენტფორდმა საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა. ამ თამაშის შემდეგ, კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ლივერპული კრიზისშია და სერიოზული მუშაობა მოუწევს, რომ მინიმუმ წინა სეზონის გუნდთან მიახლოებული ხარისხი აჩვენოს.
ალისონის ტრავმის ფონზე, მერსისაიდელების კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს - სამწუხაროდ, ლივერპულის ეს ჩავარდნა ქართველის სასტარტოში გამოჩენას დაემთხვა და გაბრაზებული გულშემატკივრების კრიტიკა მეკარის მიმართაც გაიზარდა.
ძალიან მინდოდა კელეჰერი შეგვენარჩუნებინა და მამარდაშვილი არ მოგვეყვანა.
გიორგი მამარდაშვილი პირველი მოთამაშეა (ალექსანდრ ისაკთან ერთად), ვინც ლივერპულთან ერთად პირველი სამი მატჩი (სასტარტო შემადგენლობიდან) წააგო.
შესაძლოა, ალისონმა ჩემი სტანდარტები ზედმეტად გაზარდა, მაგრამ ვფიქრობ, მამარდაშვილი საშუალო დონისაა.
2025 წელს მეკარეს ფეხების გამოყენება უნდა შეეძლოს, ვინ იფიქრა, რომ ის ჩვენთვის შესაფერისი იყო?
ლივერპულს მეკარის პრობლემა აქვს. არც ისე ტექნიკურია და არც ისე დამაჯერებელია 'ტრადიციულ' მეკარეობაში. ალისონის ტრავმები ბოლო სეზონებში კელეჰერმა გადაფარა. მამარდაშვილის შემთხვევაში ეს აღარ ხდება.
მისი ყველაზე დიდი პრობლემა მეორე გოლი იყო - ვინ ირჩევს კუთხეს ერთი ერთზე, დარტყმამდე?
მან ბურთი 2 წუთში ორჯერ გადააგდო აუტზე, ერთ-ერთი მათგანი კი გოლით დასრულდა. არადა ყველამ იცის, რომ ისინი ნებისმიერ აუტს საჯარიმოში აწვდიან.
მინოლეს მაგონებს, კარგია კამერებისთვის სეივების გაკეთება, მაგრამ ცუდია კუთხურებზე და მაღალ ბურთებზე. თითქმის ვერ აკონტროლებს მოედანს, ფეხით ცუდად თამაშობს და ნებისმიერი ზეწოლის დროს პანიკაშია.
მამარდაშვილის პასი არ მინახავს, იმიტომ ხომ არ ვიყიდეთ, რომ მაღალია და ალისონის მსგავსად წვერი აქვს?
ვფიქრობ, გიორგი მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა, მაგრამ მასსა და ალისონს შორის ძალიან დიდი ხარისხობრივი განსხვავებაა.
როგორც ჩანს, კელეჰერის მამარდაშვილის ნაცვლად შენარჩუნება უკეთესი გადაწყვეტილება იქნებოდა. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ ნერვიულობის ბრალია და თავის კლასს გვაჩვენებს.
- ვკითხულობთ X-ზე ლივერპულის გულშემატკივართა კომენტარებში
ლივერპულმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და 15 ქულით მეექვსე ადგილზეა. მას შემდეგ, რაც ალისონმა ტრავმა მიიღო (გალათასარაისთან ჩემპიონთა ლიგაზე), მამარდაშვილმა 5 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად არც ერთ შემთხვევაში შეუნარჩუნებია (გალათასარაისთან წაგებულ შეხვედრაში 1:0 გოლი ალისონმა გაუშვა).