Belive

ვინ იყო ალეგრის გათავისუფლების ინიციატორი?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მასიმიალიანო ალეგრი “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. “იუვენტუსში” გატარებული 5 წლიანი კარიერის მანძილზე, მასიმიალიანო ალეგრის მეთაურობით ტურინელებმა 11 ტიტული (მათ შორის 5 სკუდეტო) მოიპოვეს, თუმცა ალეგრიმ გუნდს ჩემპიონთა ლიგა ვერაფრით მოაგებინა, იმის მიუხედავად, რომ მიზანთან გუნდი არაერთხელ იყო ახლოს. ალეგრი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკოსად ითვლება. მას კარგი ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახის მიუხედავად, ვერ ვიტყვით რომ გულშემატკივარის უმრავლესობა მის გაშვებას მოითხოვდა. ამის მიუხედავად, ზაფხულში ალეგრი უმუშევარი გახდება. საინტერესოა, ვინ იყო ალეგრის გაშვების ინიციატორი - როგორც იტალიური მედია იტყობინება, ალეგრის დატოვება გუნდის ვიცე-პრეზიდენტმა და ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, პაველ ნედვედმა მოითხოვა. იტალიურ სპორტულ მედიაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ნედვედმა გუნდის პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა: "თუ ალეგრი არ წავა, მე წავალ!" ცნობილია, რომ ნედვედსა და ალეგრის სხვადასხვა სატრანსფერო ხედვები ჰქონდათ. ალეგრი მიიჩნევდა, რომ გუნდს გადახალისება სჭირდებოდა, ხოლო ნედვედის პოზიციით კი, გუნდში უფრო ძლიერი ფეხბურთელების მოყვანა შეუძლებელი იყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას შესანიშნავად მოთამაშე ამსტერდამის "აიაქსმა" გამოთიშა.  

სხვა სტატიები