Belive

ვილი სანიოლი: "შვედეთთან და ესპანეთთან უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ქულა ვერ მოვიპოვეთ, ეს კარგი გაკვეთილი იყო"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთთან სტუმრად ფრე - 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
"უცნაური თამაში გამოვიდა. დასაწყისში საბერძნეთს დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ის, რომ ბოლოსკენ ბერძნები წინ გავიდნენ, გასაოცარი იყო. საბედნიეროდ, ჩვენ დაუყოვნებლივ გავათანაბრეთ.  მე -20 წუთის შემდეგ მატჩს ვაკონტროლებდით. ვფიქრობ, რომ შვედეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ, უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ ქულა ვერ მოვიპოვეთ. ეს ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო. იმ ძალისხმევის შემდეგ, რომელიც გავწიეთ, უსამართლო იქნებოდა, რომ ბიჭებს ქულა არ მოეპოვებინათ. მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთესად ვითამაშებთ. პანდემიის გამო, სტადიონზე ხალხი აღარ არის და ეს საქმეს ართულებს. იმედი მაქვს, შესარჩევი ეტაპის შემდეგ შეხვედრებში, ყველგან მაყურებელი იქნება", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები