"Veni, vidi, vici" | 23 წელი და 23 ფაქტი ისტორიიდან, რომელიც საბოლოდ დასრულდა...
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, უშუალოდ სანაკრებო დონეზე კი სტატისტიკურად ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრების მაისურს იხდის. თან ეს ბოლოჯერ ხდება, ოფიციალური ვიდეო-მიმართვის გავრცელების შემდეგ, 5 ოქროს ბურთის, 5 ჩემპიონთა ლიგის, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატისა და ორჯერ უეფას ერთა ლიგის მომგებმა სუპერვარსკვლავმა 7-ნომრიანი წითელი მაისური პორტუგალიაში ვაკანტური გახადა, თავად კი მხოლოდ კარიერის დასკვნითი, ჯერ მიუღწეველი შედეგის 1000-გოლიანი ნიშნულის დაფიქსირებასღა შეეცდება.
კრიშტიანუ რონალდუს დიდებული სანაკრებო კარიერა 23-წლიანი გამოდგა. ამ სტატიაში, სიმბოლურად შერჩეულ 23 ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც 41 წლის ვარსკვლავის სანაკრებო კარიერას უკავშირდება.
1. რონალდუს დებიუტი პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლის 20 აგვისტოს, ყაზახეთის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა. საერთო ჯამში, მან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 234 შეხვედრა ჩაატარა, რაც მამაკაცთა საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. შედარებისთვის: ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრების მაისურით 26-ით ნაკლები მატჩი ითამაშა, ხოლო 41 წლის ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის ნაკრებისთვის 28-ით ნაკლები. თუმცა, ხორვატს სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია.
2. რონალდუს 146 სანაკრებო გოლი ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მამაკაცთა საერთაშორისო ფეხბურთის ისტორიაში. მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო 100-გოლიანი ზღვრის გადალახვა: ლეო მესიმ და ირანელმა ალი დაეიმ. ამასთან ერთად, სამი მოქმედი ფეხბურთელი ამ ნიშნულს სწრაფად უახლოვდება: ბელგიელი რომელუ ლუკაკუ (94 გოლი), პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი (92) და ინგლისელი ჰარი კეინი (91). ლევანდოვსკი 38 წლისაა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რონალდუს მიღწევას მიუახლოვდეს. მაგრამ აქვთ თუ არა 33 წლის ლუკაკუს და კეინს კიდევ დრო?
3. ნაკრებში ყოფნის პერიოდში რონალდუმ პორტუგალიის მაისურით 143 ფეხბურთელთან ერთად ითამაშა. ყველაზე მეტჯერ, 116 მატჩი მან ჟოაო მოუტინიოსთან ერთად ჩაატარა. თუმცა, 16 ფეხბურთელი იყო ისეთი, ვისთან ერთადაც რონალდუმ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

4. პორტუგალიის ნაკრებში რონალდუმ ორ ისეთ ფეხბურთელთან მოასწრო თამაში, რომლებიც მისი სანაკრებო დებიუტის შემდეგ (2003 წლის აგვისტო) დაიბადნენ: ანტონიუ სილვა (2003 წლის ოქტომბერი) და ჟოაო ნევეში (2004 წლის სექტემბერი). მის პარტნიორებს შორის ფერნანდუ კოუტუც იყო, რომელიც 1969 წლის აგვისტოშია დაბადებული.
5. 2003 წლის 20 აგვისტოს დებიუტიდან მის დასკვნით მატჩამდე, რომელიც 2026 წლის 24 სექტემბერს გაიმართა, რონალდუს სანაკრებო კარიერამ 23 წელი და 35 დღე გასტანა. ევროპელ ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა შეძლო საკუთარი ნაკრებისთვის უფრო დიდხანს თამაში.

6. რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში სულ 18 604 წუთი ითამაშა. ეს საფეხბურთო მოედანზე გატარებული თითქმის 13 სრული დღეა.
7. თუ უახლოესი სანაკრებო ფანჯრის დროს, რომელიმე ქვეყნის ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი შედგება, ის სანაკრებო კარიერის ხანგრძლივობის თვალსაზრისით რონალდუს მიღწევის გამეორებას და გაუმჯობესებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ის ეროვნულ ნაკრებში თამაშს 2049 წლის დეკემბრამდე არ შეწყვეტს.
8. კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში იმ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომლებმაც ექვს მუნდიალზე ითამაშეს. მეორე ლიონელ მესია. ორივემ 2006, 2010, 2014, 2018, 2022 და 2026 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ითამაშა.
9. ვინაიდან ლეო მესიმ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა, რონალდუ ერთადერთ ფეხბურთელად რჩება, რომელმაც ზედიზედ ექვსივე მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა შეძლო.

10. რონალდუმ დიდ საერთაშორისო ტურნირებზე ჯამში 25 გოლი გაიტანა: 11 მსოფლიო ჩემპიონატზე და 14 ევროპის ჩემპიონატზე. ეს ყველაზე მეტი გოლია, რაც კი ვინმეს ამ ორ ტურნირზე გაუტანია. თუმცა, კილიან მბაპე (27) და (21) ჰარი კეინი მის შედეგს უკვე სახიფათოდ უახლოვდებიან.

12. ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი 14 გოლით რონალდუ ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია და ფრანგი ფეხბურთის ლეგენდას, მიშელ პლატინის ხუთი გოლით უსწრებს. თუმცა, რონალდუმ ექვს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, პლატინიმ კი მხოლოდ ერთზე, 1984 წელს.
13. რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთი დიდი საერთაშორისო ტიტული, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მან სამი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და პოლონეთის წინააღმდეგ მეოთხედფინალში პენალტიც ზუსტად შეასრულა. მან ასევე ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა ორჯერ მოიგო: 2019 და 2025 წელს.
14. მსოფლიოს ჩემპიონატები 1930 წლიდან ტარდება. ტურნირის დაარსებასა და რონალდუს სანაკრებო დებიუტს შორის გასულ 73 წელიწადში პორტუგალია მხოლოდ სამ მსოფლიო ჩემპიონატზე იყო ნამყოფი. თუმცა, იმ 23 წლის განმავლობაში, რაც რონალდუმ ნაკრებში თამაში დაიწყო, პორტუგალიამ უკვე ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.
15. რონალდუმ პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში არსებული 710 მატჩიდან 234 ითამაშა. ეს ნიშნავს, რომ მან ეროვნული გუნდის თითქმის მესამედში მიიღო მონაწილეობა. ნაკრების ისტორიაში პირველი მატჩი ჯერ კიდევ 1921 წელს გაიმართა: რონალდუს დაბადებამდე 63 წლით, სანაკრებო დებიუტამდე კი თითქმის 82 წლით ადრე. რონალდუმ პორტუგალიის ისტორიაში გატანილი 1245 გოლიდან 146 გაიტანა, რაც ეროვნული ნაკრების საერთო გოლების 11.7%-ია.
16. დიდ საერთაშორისო ტურნირებზე: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, რონალდუმ პორტუგალიის 130 გოლიდან 25 გაიტანა. ესე იგი, ამ შეჯიბრებებში თითქმის ყოველი მეხუთე გოლი მის სახელს უკავშირდება.

17. 2004 წლიდან მოყოლებული, რონალდუ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში გოლს ყოველწლიურად იტანდა. მისი ყველაზე შედეგიანი წელი 2019 წელი იყო, როდესაც მან თავი 14-ჯერ გამოიჩინა. თავდამსხმელმა კალენდარულ წელიწადში 10-გოლიანი ზღვარი ექვსჯერ გადალახა: 2013, 2016, 2017, 2019, 2021 და 2023 წლებში.
18. ევროპელ ფეხბურთელებს შორის რონალდუ სანაკრებო ფეხბურთში ჰეთ-თრიკების რეკორდსმენია. მან მე-10, უკანასკნელი ჰეთ-თრიკი 2021 წლის ოქტომბერში ლუქსემბურგის წინააღმდეგ გაიტანა. პორტუგალიელმა შვედი სვენ რიუდელის მიღწევა გააუმჯობესა, რომელსაც ცხრა ჰეთ-თრიკი ჰქონდა და ეს რეკორდი 1932 წლიდან ეკუთვნოდა.
19. ნაკრებში თამაშის პერიოდში რონალდუმ საგოლე პასი 38 სხვადასხვა პარტნიორისგან მიიღო. ყველაზე მეტი, რვა ასისტი მას რიკარდუ კუარეჟმამ გაუკეთა.

20. რონალდუმ გოლი 49 სხვადასხვა ეროვნული ნაკრების კარში გაიტანა. ეს აზიის ქვეყნების რაოდენობაზე (48) მეტია. ყველაზე მეტი გოლი მან ლუქსემბურგს გაუტანა, პორტუგალიელმა ამ გუნდის წინააღმდეგ 11 გოლი მოაგროვა.
21. არსებობს 27 ეროვნული ნაკრები, რომელთა წინააღმდეგაც რონალდუს უთამაშია, მაგრამ გოლი არასდროს გაუტანია. ყველაზე ხშირად ალბანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ: ოთხ-ოთხი მატჩი.
22. გასაკვირია, რომ რონალდუ დიდი საერთაშორისო ტურნირის ერთპიროვნული საუკეთესო ბომბარდირი არასდროს ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მან 12 ასეთ ტურნირზე, ექვს მსოფლიო და ექვს ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. თუმცა, მან ევრო 2012-სა და ევრო 2020-ზე თანაბომბარდირის წოდება გაიზიარა.
2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე მისი შედეგი ხორვატმა მარიო მანჯუკიჩმა, გერმანელმა მარიო გომესმა, იტალიელმა მარიო ბალოტელიმ და ესპანელმა ფერნანდო ტორესმა გაიმეორეს. ხოლო ევრო 2020-ზე პორტუგალიელმა საუკეთესო ბომბარდირის წოდება ჩეხ პატრიკ შიკთან ერთად გაიყო.
23. პორტუგალიის ნაკრებში გატანილი 146 გოლიდან რონალდუმ 85 მარჯვენა ფეხით, 33 მარცხენათი, ხოლო 28 თავით გაიტანა. თუ დარტყმების განლაგებას დავაკვირდებით, 123 გოლი საჯარიმო მოედნიდან არის გატანილი, ხოლო 23 საჯარიმოს გარეთ შესრულებული დარტყმით. საჯარიმოდან გატანილი გოლებიდან 23 პენალტით, ხოლო საჯარიმოსგარეთა გოლებიდან 11 საჯარიმო დარტყმით გავიდა.
პორტუგალიის ნაკრების სათამაშო მაისურში გამოწყობილი კრიშტიანუ რონალდუს შეძახილი SIUUUU! სამყარომ უკანასკნელად 2026 წლის 3 ივლისს, კანადაში, ტორონტოში, ხორვატიასთან გამართულ მატჩში მოისმინა...

ფეხბურთის ისტორიას ბევრი პერსონაჟი უნახავს, ქარიზმატული ლიდერები, სრულყოფილი ქმნილებები, ღმერთის ხელითა თუ მუზების ნიჭით დაჯილდოვებულნი; გვინახავს პატარა გუნდის ან მომცრო ერის ერთგული ჯარისკაცები, ვარსკვლავური სენით დაავადებული და უკვალოდ გამრქალი ვუნდერკინდები; ისინი ვისი საქმიანობაც მწვანე მინდორზე მხოლოდ პირადული ყოფილა და ისინიც, ვისაც საერთო საქმისთვის გაუწირავს თავი. ზოგს სახელი ერგო, ზოგს დიდება, ზოგს ორივე ერთად, ზოგმა კი თავისი სახელი ისტორიას უგვირგვინო მეფის სტატუსით შემოუნახა... კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრების მიერ 23 წლის განმავლობაში მომზადებული კერძი თითქოს მრავალფეროვან სალათს ჰგავს, რომლისთვისაც ყველა საჭირო ინგრედიენტი მოიპოვება, ისტორიული სიხარულის სიტკბოთი და სევდიანი დასასრულის მწარე სანელებლით შეზავებული.
არიან ფეხბურთელები, რომლებიც უფრო მეტს ქმნიან, ვიდრე სტატისტიკური მონაცემების ციფრულ საცავებსა და კლუბებისა თუ ნაკრებების მუზეუმის ტიტულებით დახუნძლულ თაროებს შეუძლიათ შემოინახონ. ეს ალბათ ახალი თაობისთვის დატოვებული ინსპირაციის წყარო და ზოგადად, ცხოვრების წესია. კრიშტიანუ რონალდუ, სწორედ ამ მოვლენის განსხეულებაა.

"ჩემი ნამდვილი დიდება არ არის ის ორმოცი მოგებული ბრძოლა... ის, რაც ყველაფერს გადაურჩება და მარადიულად იცოცხლებს, ჩემი მემკვიდრეობაა"
ნაპოლეონ ბონაპარტი
