"ველოდები იმას თუ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს ახალი თაობა" - რამაზ სვანაძე
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს დღეს, 20:00 საათზე, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. ახალგაზრდული, ბრიტანელებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდი, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე - ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთის და გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. ახალგაზრდულმა ნაკრებმა წყალტუბოში მატჩისწინა ვარჯიში გამართა, მანამდე კი ჟურნალისტების კითხვებს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ და მოთამაშემ - გაბრიელ სიგუამ უპასუხეს.
ახალ შესარჩევ ციკლს ვიწყებთ. ძალიან დიდი ინტერესით ველოდები რა თქმა უნდა ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშს და არამარტო აღნიშნულ თამაშს, არამედ მთლიანად ველოდები იმას თუ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს ახალი თაობა, თუ როგორ მიიღებს იმ მენტალობას და იმ ყველაფერს რაც მანამდე ხდებოდა ჩვენს თავს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. მარტო შედეგებზე არ მაქვს საუბარი იმიტომ, რომ ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, რომ რეალურად ჩვენი პირველი შეკრება იყო. მთლიანად გაცნობითი ხასიათის შეკრება გვქონდა და ვთვლი, რომ ძალიან ნაყოფიერი შეკრება იყო და გავაკეთეთ ის ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო და რის საშუალებასაც ის მოკლე ვადები გვაძლევდა, რაც ჩვენთვის იყო გამოყოფილი. დარწმუნებული ვარ, რომ დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო დავლაგდებით, კიდევ უფრო გავუგებთ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ნებისმიერ გუნდს თუ ნაკრებს, განსაკუთრებით კი ნაკრებს სჭირდება დრო. ეს არის ერთი მხარე ამ ყველაფრის და მეორე მხარე არის უკვე ის, რომ უკვე ოფიციალურ თამაშს ჩავატარებთ ამიტომ შედეგი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
საერთო ჯამში რა თქმა უნდა ინტერესი ძალიან დიდია და პირველ რიგში მაინტერესებს ის თუ რა სახით წარსდგება ჩემი გუნდი მაყურებლის წინაშე, მოლოდინი საკმაოდ პოზიტიური მაქვს, დანარჩენი კი გამოჩნდება.
ჩრდილოეთ ირლანდია საკმაოდ მებრძოლი გუნდია, მესმის, რომ არ ვეთამაშებით ტოპ დონის ნაკრებს, ვეთამაშებით საშუალო დონის ევროპის გუნდს, თუმცა მათ აქვთ თავისი პლიუსები, ძალიან ძლიერი გუნდია, პლიუს ამას ემატება ის, რომ 4 თამაში მათ უკვე ჩაატარეს ამიტომ შეთამაშების პრობლემა მათ არ უნდა ჰქონდეთ. არავინ არაფერს არ დაგვითმობს, ჩვენ ჩვენი მოსაპოვებელი ჩვენით უნდა მოვიპოვოთ მინდორზე, ეს აღნიშნულ თამაშს ეხება. თუ მთლიანად განვიხილავთ ამ ყველაფერს და ვიცი, რომ ინტერესიც ძალიან დიდია ამ ყველაფერზე, იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო 2 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ვართ, მე ნებისმიერ შემთხვევაში ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ იმ 2 ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ან რომელი თაობაც არ უნდა მოვიდეს ყველას სწრაფვა მოდის იმაზე, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატი. ამავე დროს ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძალიან რთულია, რომ დაისახო მიზნად, მიზანი ერთია რეალობა კი მეორე, სწორედ ამ რეალობას შევაფასებ, არაფერს არ დავმალავ, რადგან ყველამ იცის, რომ ყოველთვის ღიად ვსაუბრობ, უბრალოდ დრო მჭირდება, რომ ყველაფერი ვთქვა და ამ ყველაფერზე ღიად და თამამად ვისაუბრო. ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება, იმიტომ, რომ ჩვენი პირველი შეხვედრაა, პირველი თამაშია, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა, რომ პოზიტიურ განწყობაზე დავიწყოთ ეს ყველაფერი.
დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონზე ბევრი მაყურებელი მოვა, თუ სტადიონი გაივსება ორმაგად ბედნიერები ვიქნებით. აქ ჩამოსვლით ჩვენ ყოველთვის ბედნიერები ვართ, მე განსაკუთრებით, იმიტომ, რომ აქ დავიბადე აქ გავიზარდე ამიტომ ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის აქ ყოფნა. მშობლიურ, შინაურ გარემოში ვარ, ისეთში, სადაც ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვდივარ.
რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა პირველ ნაბიჯებს გადადგამს დიდ ფეხბურთში და მათ პირველივე დღიდან უნდა იგრძნონ რას ნიშნავს დიდი ფეხბურთი, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება ქვეყნის და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და თუ რა შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა, იმიტომ, რომ თუ ჩვენ გუნდის დაკომპლექტებაზე ვსაუბრობთ სწორედ ამ შეგრძნებებიდან იწყება ყველაფერი.
ძალიან კარგად იცით, რომ თუ რა რაოდენობის ფეხბურთელები არიან დაწიანურებული ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულ ნაკრებში და ჩვენი პირველი ამოცანაც ეს არის და იმედია ეს თაობაც ისეთი იქნება, რომ ეს პოზიტიური დინამიკა ისევ ისე გაგრძელდება როგორც აქამდე იყო, რადგან მართლა სერიოზულ ციფრებზე ვართ ასული და ეს მაბედნიერებს.
ბულგარეთთან ჩატარებული მატჩი, რომ ავიღოთ იქ იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც თავიდან ბოლომდე გავლილი აქვთ ეს გზა და ვუსურვებდი ახალი თაობის ფეხბურთელებსაც, რომ ეს გზა გაევლოთ და ესახელებინოთ თავისი ქვეყანა, თავისი თავი და პირველ რიგში გამოადგნენ თავიანთ თავს. - რამაზ სვანაძე - 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ჯერ ყველა ერთმანეთთან გაცნობის პერიოდში ვართ, მაგრამ რაც შეეხება ამ 1 კვირას ტაქტიკურად და ტექნიკურად ყველაფერი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშისთვის მაქსიმალურად მზადყოფნაში მოვედით როგორც შეიძლებოდა.
რაც შეეხება წინა შეკრებებს იქ ნაკრებმა დიდი ისტორია დაწერა, კარგი თამაშები ვაჩვენეთ, ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მივაჩვიეთ ხალხი, გულშემატკივრისგანაც დიდი მოლოდინი იქნება რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვიაზრებთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ყველაფერი გავაგრძელოთ და მოვხვდეთ ისევ ევროპის ჩემპიონატზე.
რთული პერიოდი გავიარე, 1 წელი მაწუხებდა ტრავმები, თუმცა ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა ვბრუნდები, კლუბიც შევიცვალე, ჩემი აზრით კარგი გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ, რომ ბაზელში სათამაშო დროის ნაკლებობას განვიცდიდი. ჩემი მთავარი მიზანი იყო ის, რომ მაქსიმალურად განვვითარებულიყავი და ამ განვითარებისთვის თამაშები მჭირდებოდა და ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში კარგი ნაბიჯი გადავდგი, ბედნიერი ვარ, რომ კლუბში წვლილი შევიტანე, რომ კონფერენს ლიგაზე გავედით.
არაერთხელ დაგვიმტკიცებია განვლილ ევროპის ჩემპიონატზე, რომ ძალიან დიდი ძალაა გულშემატკივარი ჩვენთვის, ორმაგი მოტივაციით ვთამაშობთ ფეხბურთელები და ბედნიერი ვიქნები და ვისურვებდი, რომ მოვიდეს გულშემატკივარი სტადიონზე და ჩვენ არაფერს არ დავაკლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმალურად დავიხარჯებით, რომ გავახაროთ ჩვენი ქვეყანა და წარმატებას მივაღწიოთ. - გაბრიელ სიგუა - 21-წლამდელთა ნაკრების წევრი