ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონია. ქართველმა ნახევარმცველმა ვარშავის "ლეგიასთან" ერთად პირველი ტიტული მოიგო.
ექსტრაკლასას 35-ე ტურის შეხვედრაში, დედაქალაქურმა კლუბმა "კრაკოვიას" უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, 2 ტურით ადრე დაიბრუნა.
სასიხარულოა, რომ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმაც, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, სრულად ითამაშა და 75-ე წუთზე მეტოქის კარის აღებაც მოახერხა. ვარშაველებს ტიტულის მოსაპოვებლად გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე ქულაც ჰყოფნიდათ, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში, ალბათ ფსიქოლოგიური მომენტის გამოისობით, ახალგამოცხობილი ჩემპიონი დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელისთვის ეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი მე-11 გოლი იყო, ამის გარდა გვილიას ანგარიშზე კიდევ 9 საგოლე გადაცემაა.
გვილია "ლეგიაში" 1 წლის წინ, "გორნიკზაბრჟედან" გადაბარგდა და გუნდის ძირითადი ბირთვის ერთ-ერთ შეუცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.
"ლეგიამ" ჩემპიონობა 2018 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეთოთხმეტედ მოიპოვა.