უკრაინა Vs. საქართველო | რა უნდა ვიცოდეთ მატჩის წინ
დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45-ზე, საქართველოს ნაკრები გასვლით შეხვედრაში უკრაინას დაუპირისპირდება. მატჩი ერთა ლიგის ეგიდით ტარდება და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ნეიტრალურ სტადიონზე, პოლონეთში გაიმართება.
ამ მატჩზე საუბრისას, ორი კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ: ისტორია და დღევანდელობა. დღემდე, საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან 9-ჯერ ითამაშა, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო (3 ფრე, 6 მარცხი). ევრო 2024-ზე სენსაციური და დამაჯერებელი გამოსვლის, შემდეგ კი ალბანეთისა და ჩეხეთის დამარცხების შედეგად, დღევანდელ დაპირისპირებაში პირველი გამარჯვების მოპოვება საკმაოდ რეალური პროგნოზია.
ერთა ლიგაზე წარმატებული სვლა საქართველოს ნაკრებისთვის უცხო ხილი არ გახლავთ. ფაქტია, რომ ტურნირის დაარსებიდან დღემდე, საქართველოს ნაკრებს 20 მატჩი აქვს გამართული, სადაც გამარჯვება 13-ჯერ მოიპოვა, 6-ჯერ ფრე ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (ამ კომპონენტში, საქართველო ევროპულ გუნდებს შორის პირველ ადგილს იკავებს).
რაც შეეხება უკრაინას - სერგეი რებროვის გუნდმა ჯგუფური ეტაპი კატასტროფულად დაიწყო და მდგომარეობის გამოსწორებას სწორედ დღევანდელ მატჩში გეგმავს. უკრაინას ჯერ ალბანეთმა მოუგო (1:2), შემდეგ კი ჩეხეთმა (3:2). მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არაერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდება, მათ შორის ანდრეი ლუნინი, ოლეკსანდრ ზინჩენკო, ვიტალი მიკოლენკო და სხვ. არის საუბარი იმის შესახებაც, რომ გასახდელში ფეხბურთელებს შორის დაძაბულობაა. არის თუ არა ეს 100%-იანი სიმართლე, დაუდასტურებელია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ანალოგიური ინფორმაცია საქართველოს ნაკრებზე უკვე მრავალი წელია არ გავრცელებულა და ეს მხოლოდ სასიხარულო მოცემულობაა.
უდიდესი ალბათობით, სანიოლი ტაქტიკას არ შეცვლის და საქართველოს ნაკრები უცვლელი ფორმაციით ითამაშებს: სამი ცენტრალური და ორი განაპირა მცველი, რომლებიც შეტევაში აქტიურად იქნებიან ჩართულები. მოედნის ცენტრში ბურთის ართმევასა და განაწილებაზე სამი ფეხბურთელი იზრუნებს, შეტევაში კი ორი ფორვარდი გვეყოლება. შემადგენლობაც, სავარაუდოდ, უცვლელი იქნება: მარდაშვილი; გველესიანი, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი; კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე; კვარაცხელია, მიქაუტაძე.
ვილი სანიოლის შეფასებით, გუნდი სრულ მზადყოფნაში იმყოფება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, შეკრების პოლონეთში გამართვის შედეგად, მისმა ფეხბურთელებმა დასვენება და ენერგიის დაზოგვა შეძლეს.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება, A დივიზიონში გადასვლისა და უძლიერეს ევროპულ გუნდებთან პაექრობის შესაძლებლობის გარდა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შანსსაც იძლევა.