უეინ რუნი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად არგენტინას მიიჩნევს
ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, საკუთარი პროგნოზი გააკეთა და თვლის, რომ ჩემპიონი არგენტინა გახდება.
"ჩემთვის არგენტინა ფავორიტია. 2018 წლისგან განსხვავებით, ლიონელ მესის გარშემო ჩამოყალიბებული მოთამააშეები ჰყავს, როგორიცაა ლაუტარო მარტინესი, ლეანდრო პარედესი, როდრიგო დე პაული და რა თქმა უნდა, ანხელ დი მარია. შარშან კოპა ამერიკის მოგება მათ თავდაჯერებულობას შესძენს. ერთადერთი, რაც სამხრეთელებს აკლიათ არის 9 ნომერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისინი მაინც სახიფათოები იქნებიან." - განაცხადა რუნიმ.
"იუნაიტედის" ლეგენდარულ მოთამაშეს ისიც ჰკითხეს, გახდიდა თუ არა მესის მუნდიალის ჩემპიონობა ყველა დროის საუკეთესოს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა:
”ყველას განსხვავებული შეხედულება აქვს მესისა და რონალდუს შესახებ, მაგრამ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ მესი საუკეთესოა. ფეხბურთისთვის შესანიშნავი ამბავი იქნება, თუ მესი ან რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს."
რუნის რონალდუს გარშემო განვითარებულ მოვლენებზეც მოუწია კომენტარის გაკეთება.
"კრიშტიანუ რონალდუ ფანტასტიკური მოთამაშეა. ვფიქრობ, რომ მესისთან ერთად, ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. რაც მე ვთქვი, ეს კრიტიკა არ არის. ასაკი ყველას ამჩნევს კვალს და რონალდუს ამასთან გამკლავება უჭირს. ცხადია, მისი ინტერვიუ ძალიან სკანდალური იყო. ჩემთვის ცოტა უცნაურია ეს ყველაფერი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ გამოწვევას გაუმკლავდება.”