Belive

უეფა ერთა ლიგის ფორმატს ცვლის - ახალი წესები და დეტალები

3 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

2028/29 წლების სეზონიდან ერთა ლიგის ფორმატი შეიცვლება. მანამდე კი უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ტურნირის მეხუთე გათამაშებაში რამდენიმე ახალი წესი ამოქმედდეს.

ახალი წესების მიხედვით, თითოეული ლიგა შედგება ექვსგუნდიანი სამი ჯგუფისგან. გუნდები ექვს მატჩს ჩაატარებენ ხუთი განსხვავებული მეტოქის წინააღმდეგ: სხვადასხვა კალათაში განთესილ გუნდებთან - ერთხელ სახლში და ერთხელ სტუმრად, ხოლო იმავე კალათაში მყოფ მეტოქესთან - შინ და სტუმრად.

ტურნირში მონაწილე 55 ნაკრების გათვალისწინებით, C ლიგა მოიცავს შვიდგუნდიან ერთ ჯგუფსაც, რომლის მატჩები ერთი სანაკრებო პაუზით ადრე დაიწყება.

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ცვლილებები ოფიციალურად დაამტკიცა. ახალი ფორმატის ფარგლებში თითოეულ ლიგაში გუნდების რაოდენობა 16-დან 18-მდე გაიზრდება, რის გამოც დაწინაურებისა და გავარდნის სისტემაც იცვლება.

გასულ სეზონამდე A ლიგის ოთხივე ჯგუფის ბოლოადგილოსანი გუნდი პირდაპირ B ლიგაში ვარდებოდა. ამასთან, ოთხივე მესამეადგილოსანი გუნდი პლეი-ოფში თამაშობდა B ლიგის ჯგუფებში მეორეადგილოსნებთან.

2026/27 წლების ერთა ლიგაში ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ორი ყველაზე ცუდი მეოთხეადგილოსანი გავარდება პირდაპირ B ლიგაში, ხოლო ოთხივე ჯგუფის ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი A ლიგაში დარჩება. ამასთან, ორი ყველაზე ცუდი მესამეადგილოსანი პლეი-ოფში ითამაშებს. მათ პლეი-ოფში შეუერთდება ორი საუკეთესო მეოთხეადგილოსანი. ეს ოთხი გუნდი პლეი-ოფში B ლიგის ოთხი ჯგუფის მეორეადგილოსნებს დაუპირისპირდება.

ამრიგად, A ლიგაში ადგილის შენარჩუნება უფრო მარტივი ხდება, რადგან წინა ფორმატთან შედარებით პირდაპირ მხოლოდ ორი გუნდი გავარდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 2026/27 წლის ერთა ლიგის B დივიზიონშია: უნგრეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან. B ლიგაში თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ A ლიგაში დაწინაურდება, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში ითამაშებენ A ლიგის მესამეადგილოსნებთან.