Belive

U21 | საქართველოს უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარება ნახევრად ცარიელ სტადიონზე მოუწევს?!

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

15 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს გამართავს. საქართველოსა და ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრებების პრინციპული დაპირისპირება 19:00 საათზე, "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება.

2-მატჩიანი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს, რიეკაში შედგება და უმნიშვნელოვანესია, რომ გასვლით დაპირისპირებაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოპტიმალური რეზულტატით გავიდეს.

სამწუხაროდ, 21-წლამდელთა ნაკრების მატჩის გამართვამდე 1 დღით ადრე, ბილეთების დიდი ნაწილი კვლავ გასაყიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოცემულობით, ახალგაზრდულ ნაკრებს მნიშნელოვანი შეხვედრის გამართვა, ნახევრად ცარიელ სტადიონზე მოუწევს. გულშემატკივარს, რომელსაც მატჩზე დასწრება და ახალგაზრდა ფეხბურთელების გამხნევება სურთ, ბილეთების ყიდვა აღნიშნულ ბმულზე შეუძლიათ. მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 10, 20 და 30 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველომ და რუმინეთმა უმასპინძლეს, სადაც ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ურთულეს ჯგუფში მოხვდა. აღნიშნულ ჩემპიონატზე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მატჩებზე დასწრების რეკორდი დაფიქსირდა და სავსე ტრიბუნების ფონზე, ქართველმა ფეხბურთელებმა სასწაული მოახდინეს.

რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობის მიუხედავად, ჩვენმა ნაკრებმა შეძლო და პლეი-ოფში გავიდა. A ჯგუფში მოხვედრილი საქართველო აუთსაიდერად ითვლებოდა, თუმცა, ჩვენმა ნაკრებმა პორტუგალიას, ნიდერლანდებს და ბელგიას აჯობა. 1/4-ფინალში, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა, საქართველო პენალტების სერიაში დამარცხდა.

და ახლა, რიგით მეორე ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ჩენს ნაკრებს პლეი-ოფის სასურველი შედეგით დასრულება ესაჭიროება - პირველი მატჩი 15 ნოემბერს, 19:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" გაიმართება.

სხვა სტატიები