Belive

U21 | ევროპის ჩემპიონატის პირველი სათამაშო დღის შეფასება

10 თვის წინ ფეხბურთი
4 წთ

21 ივნისს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა აიღო სტარტი. პირველივე დღეს გულშემატკივარმა სანახაობრივი მატჩები იხილა, რომელშიც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა, უკრაინამ ხორვატიას სძლია, ესპანეთმა რუმინეთს წვეულება ჩაუშალა, ხოლო ნიდერლანდებმა და ბელგიამ ქულები გაიყვეს.

ტურნირის თანამასპინძელმა საქართველომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. გახსნით მატჩში საქართველომ პორტუგალიას 2 უპასუხო გოლი გაუტანა და ქვეჯგუფში გალიდერდა. A-ჯგუფის მეორე მატჩში, მეზობლების ბელგიისა და ნიდერლანდების მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა.

B-ჯგუფში უკრაინამ ხორვატიის დამარცხება (2:0) შეძლო. ესპანეთმა კი თანამასპინძელ რუმინეთს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ასპარეზობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.

პირველი სათამაშო დღის შედეგები

  • საქართველო 2:0 პორტუგალია
  • ბელგია 0:0 ნიდერლანდები
  • უკრაინა 2:0 ხორვატია
  • რუმინეთი 0:3 ესპანეთი

A-ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში საქართველომ შოკისმომგვრელი გამარჯვება მოიპოვა. საქართველომ კარში ორი ზუსტი დარტყმა განახორციელა და ორივე შემთხვევაში შეძლო გოლის გატანა. თბილისში, 24,425 გულშემატკივრის წინაშე, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა ძლევამოსილი პორტუგალია დამაჯერებლად დაამარცხეს.

ბურთის ფლობის უპირატესობას პორტუგალია ფლობდა, თუმცა, გიორგი გაგუამ წიტაიშვილის პასი ბრწყინვალედ დაამუშავა და საქართველოს დაწინაურება შეძლო. წიტაიშვილმა მეორე საგოლე გადაცემა კუთხურის ჩაწოდების შედეგად გაიფორმა, როდესაც მის ჩაწოდებულს საბა საზონოვი ბრწყინვალე თავური დარტყმით გამოეხმაურა.

პორტუგალიის "ჰაილაითად" ფრანსისკო კონსეისაოს დარტყმა შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც ხარიხას მოხვდა. მატჩის დასრულებამდე 14 წუთით ადრე, პორტუგალია კაცნაკლული დარჩა - მთავარმა არბიტრმა მოედნიდან ტომას არაუხო გააძევა.



რამაზ სვანაძე: "ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო 3 ქულა, არამედ რწმენის გაძლიერება. მადლობა იმ მუხტისთვის, რაც ტრიბუნებიდან მოდიოდა. ევროპის ჩემპიონატი მაჟორულ ნოტაზე დავიწყეთ. ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ, რომელიც აქ ტიტულისთვის ჩამოვიდა.

ორკვირიანმა სავარჯიშო პროცესმა შედეგი მოიტანა. გამარჯვება გუნდურობითა და ერთიანობით მოვიპოვეთ. ყველანი ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. ჩვენ სამ მთავარ ფაქტორს ვეფუძვნებით – რწმენა, გამოცდილება და ხარისხი. მომდევნო მატჩში ძირითადი შემადგენლობის შერჩევა დიდი თავის ტკივილი იქნება, თუმცა ეს ისაა, რაც ყოველთვის მსურდა. ბიჭებმა დავალება პირნათლად შეასრულეს. ხვალიდან ყველაფერი თავიდან იწყება. ბელგიელთა დღევანდელ თამაშს გავაანალიზებთ და შემდეგი მატჩისთვის ისე მოვემზადებით".

რუი ჟორჟე: "ძალიან სამწუხაროა, რომ სამი ქულა დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი კარგი გვქონდა, დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით. უპირატესობა ბურთის ფლობას მივანიჭეთ, თუმცა, შეგვეძლო უფრო შემტევები და აგრესიულები ვყოფილიყავით. მეორე გაშვებული გოლის შემდეგ ამის განხორციელება ძალიან გაგვიჭირდა. 0:2-ის შემდეგ გუნდში განწყობა რადიკალურად შეიცვალა.

ჩვენი სისუსტე დაცვაში თამაში იყო, უფრო შეტევაზე ვფიქრობდით, თუმცა პირველ ტაიმში საგოლე მომენტების შექმნა გვიჭირდა. ჩვენ ფავორიტები ვიყავით, თუმცა, მთავარი შედეგია. საქართველოს ნაკრები სახლში თამაშობდა, მათ ბევრი მაყურებელი ამხნევებდა და შედეგმაც არ დააყოვნა".

საკვანძო ფაქტები

  • პორტუგალიის უკანასკნელ 11 შეხვედრაში, საქართველო პირველი მეტოქეა, რომელმაც კარი მშრალად შეინახა.
  • საქართველოსა და პორტუგალიის მატჩზე, 21-წლამდელთა მატჩზე დამსწრეთა მე-9 საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა (24,425).

A-ჯგუფის მეორე ტურის მატჩები შაბათს გაიმართება. საქართველო - ბელგიას, ხოლო პორტუგალია - ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები