პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, "ჩელსი" "ბრაიტონს" დაუპირისპირდა. ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე" გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა.
"არისტოკრატები" რომელუ ლუკაკუს გოლის წყალობით დაწინაურდნენ, თუმცა დანი უელბეკმა 91-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
"ბრაიტონთან" დაკარგული ქულების შემდეგ, ლონდონური კლუბის საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო შემცირდა. ლიდერ "მანჩესტერ სიტისთან" სხვაობა 8 ქულას შეადგენს - პრემიერ ლიგის მომდევნო ორ ტურში "ჩელსი" "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება და შესაძლოა სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს.
"არისტოკრატების" საჩემპიონო შანსებს ის გარემოებაც ამცირებს, რომ გუნდში კორონავირუსი მძვინვარებს. "ჩელსის" ლაზარეთი ასევე ტრავმირებული ფეხბურთელებითაა სავსე. აღნიშნულიდან გამომდინარე ტომას ტუხელი მიიჩნევს, რომ ლონდონელთა საჩემპიონო შანსებზე ფიქრი სისულელეა.
"როგორ შეიძლება საჩემპიონო ბრძოლაში ვიყოთ ჩართული? გუნდში კორონავირუსის 7 შემთხვევა დაფიქსირდა. 6 ფეხბურთელი კი ტრავმის გამო მინიმუმ 6 კვირით ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. ამ მდგომარეობაში მყოფი გუნდი, როგორ უნდა იბრძოდეს ჩემპიონობისათვის? სისულელეა იმის ფიქრი, რომ კორონავირუსისა და ტრავმების ფონზე, ჩემპიონობას შევძლებთ", - აღნიშნა ტომას ტუხელმა.