წინ დიდი მატჩია | რა თქვეს ანჩელოტიმ და სოლბაკენმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე
18 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში დიდი საფეხბურთო დაპირისპირება გველოდება. ბრაზილიის ნაკრები მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად ნორვეგიის წინააღმდეგ წარსდგება.
ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდის გასანეიტრალებლად რაიმე განსაკუთრებულ, პერსონალურ ტაქტიკას არ ამუშავებს.
„არ ვფიქრობ, რომ არსებობს რაიმე სახის „ანტი-ჰოლანდის“ გეგმა. ჩემს მცველებს არ სჭირდებათ იმის ახსნა, თუ როგორ ეთამაშონ მას, ისინი მოედანზე ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრიან.
ჩვენი გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია, თუმცა მომატება მაინც გვესაჭიროება. ნორვეგია ორგანიზებული და სტრუქტურული გუნდია, რომელიც შეტევაში ძალიან სახიფათოა. იაპონიასთან მძიმე მატჩის შემდეგ საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, რადგან მსოფლიო ჩემპიონობა გვსურს." - კარლო ანჩელოტი
ნორვეგიელთა დამრიგებელმა, სტალე სოლბაკენმა აღიარა, რომ „სელესაო“ წყვილის აშკარა ფავორიტია, თუმცა მოედანზე დანებებას არ აპირებს.
„ბრაზილიას ამ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს, მათი ცენტრალური მცველები უმაღლესი საერთაშორისო დონის მოთამაშეები არიან. ერლინგსა და მათ შორის მოედანზე უმძიმესი დუელები იქნება, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო ბრაზილიისა და ნორვეგიის დაპირისპირებაა.
ისინი ფავორიტები არიან, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ღირსეულ ბრძოლას გავუმართავთ. შანსი რომ გვქონდეს, ჩვენს აბსოლუტურ მაქსიმუმზე უნდა ვითამაშოთ.“ - სტალე სოლბაკენი
ბრაზილიისა და ნორვეგიის დაპირისპირება ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტეიდიუმზე“ გაიმართება, ამ წყვილის გამარჯვებული კი მომდევნო ეტაპზე ინგლისსა და ტურნირის თანამასპინძელ მექსიკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.