წერილი დამშვიდებულ გულზე - სკალონიმ არგენტინელებს მიმართა
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის დათმობიდან და ესპანეთის მიერ მეორე „ვარსკვლავის“ მოპოვებიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, საკუთარ გულშემატკივრებს ემოციური მიმართვა გაუგზავნა.
„ალბისელესტეს“ დამრიგებელმა ვრცელი განცხადება Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა და სიტყვით, უპირველეს ყოვლისა, ქომაგებს მიმართა:
მოვლენებით დატვირთული კვირის შემდეგ, სადაც სევდა სიხარულში ირეოდა, ცრემლი - ღიმილში, ტკივილი - სიმშვიდეში, ხოლო დაძაბულობა - სულის სიმშვიდეში, ახლა შემიძლია დავჯდე და რამდენიმე სიტყვა დავწერო. - იწყებს მიმართვას სკალონი
მწვრთნელმა აღიარა, რომ სოციალური ქსელები მისი ძლიერი მხარე არ არის, თუმცა მიიჩნია, რომ ეს გულშემატკივართა გულებამდე მისასვლელად ყველაზე მოკლე გზა იყო:
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ვწუხვარ... ვწუხვარ, რომ ვერ შევძელით კიდევ ერთი თასის მოტანა და თქვენთვის იმ სიხარულის ჩუქება, თუნდაც რამდენიმე დღით, რაც ცხოვრების ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებდათ. -
მან ქომაგებს მოუწოდა, არ დაივიწყონ ის ღირებულებები, რომლებიც მისმა გუნდმა მოედანზე გამოავლინა. სკალონიმ საკუთარ ფეხბურთელებს „მეომრები“ უწოდა, ზუსტად ის სიტყვა, რომელსაც საკუთარ მეუღლესთან საუბრისას იყენებს.
დაუღალავი შრომა, ვნება, ნებისყოფა და უარი დანებებაზე მაშინაც კი, როცა ყველაფერი რთულდება... ბოლომდე დაიხარჯო მაშინ, როდესაც ძალა საერთოდ არ შეგრჩენია. გაუძლო ცივი წყლის შხაპს იმ ადამიანებისგან, ვინც საერთოდ არ გიცნობს. შეინარჩუნო ცივი გონება და იბრძოლო ფეხზე დარჩენისთვის მაშინ, როცა სხეული აღარ გემორჩილება - აი, ეს არის ნამდვილი თასი!
ვისაც არგენტინელი მეგობარი ჰყავს, მას ნამდვილი საგანძური აქვს! - სკალონის სიტყვები ინსტაგრამიდან
სკალონიმ ღრმა მადლიერება გამოხატა სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელებისა და არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის თანამშრომლების მიმართ. მან განსაკუთრებით გამოყო ის ადამიანები, რომლებიც ჩუმად, კულისებს მიღმა შრომობენ ნაკრების კომფორტისთვის და მადლობა გადაუხადა თითოეულ გულშემატკივარს იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რაც გუნდმა მიიღო.
ფრაზა: "ვისაც არგენტინელი მეგობარი ჰყავს, მას ნამდვილი საგანძური აქვს" - მან ორჯერ გაიმეორა, ეს იყო აშკარა მინიშნება იმ საბრძოლო სულსა და ერთგულებაზე, რაც არგენტინელ ხალხსა და მათ ეროვნულ ნაკრებს განსაზღვრავს.