ტონი კროოსი: "ბაიერნი და პსჟ დღეს საუკეთესო გუნდები არიან, წინ საოცარი მატჩები გველის"
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა - ტონი კროოსმა, პსჟ-სა და ბაიერნის დაპირისპირებაზე ისაუბრა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
36 წლის გერმანელმა აღნიშნა, რომ მისი აზრით საოცარი დაპირისპირებები უნდა გამოდგეს და ამ წყვილის დაპირისპირებას "ნაადრევი ფინალი" უწოდა. ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით ფავორიტი მაინც ბაიერნია.
"დიდი დაპირისპირების მოლოდინი მაქვს და ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურებ ორივე მატჩს.
წელს ბაიერნი განსაკუთრებულად ძლიერია, თუმცა იგივეს თქმა შემიძლია პსჟ-ზე, რომ ორივე ევროპის საუკეთესო გუნდები არიან, თუმცა მე მაინც ბაიერნისკენ გადავიხრები.
მჯერა, რომ მათ შეუძლიათ ტრებლის მოგება. ბოლო წლებში ხშირად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში ჩერდებოდნენ, ხოლო თასზეც ნაადრევად ეთიშებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე ყველა ტურნირში არიან, ეს უკვე შესანიშნავი შედეგია.
ბუნდესლიგის ტიტული პრაქტიკულად გარანტირებულია, თასის ფინალში კი მთავარი ფავორიტები არიან. ჩემპიონთა ლიგაზე ეს 50/50 დაპირისპირებაა, ორ გუნდს შორის, რომლებიც ამჟამად ევროპაში საუკეთესოდ მიმაჩნია." - ტონი კროოსი
შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსმა საფეხბურთო კარიერა სწორედ მიუნხენის ბაიერნში დაიწყო, სადაც 2007-2014 წლებში კლუბის პირველ გუნდში ირიცხებოდა, რა პერიოდშიც 130 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა შეძლო.
გარდა ამისა, მას ეროვნულ ნაკრებში 114 მატჩი აქვს ნათამაშები, სადაც 17 გოლის გატანა შეძლო, კარიერის დასრულება კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყვიტა.
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენი ბაიერნს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.