"თითქმის გადაწყვეტილია: პიერ საჟს პაულო ფონსეკა შეცვლის" - L'EQUIPE
პიერ საჟი "ლიონის" მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოეს საათებში დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'EQUIPE აქვეყნებს. კლუბის პრეზიდენტი, ჯონ ტექსტორი ლიონში გუშინ ჩავიდა, სხვადასხვა წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჩასვლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ მწვრთნელის შეცვლა იყო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამერიკელ ბიზნესმენს თავის გუნდში დანიშვნის ერთ-ერთი და უმთავრესი კანდიდატიც ჰყავს შერჩეული, ეს კი პორტუგალიელი პაულო ფონსეკაა, რომელთანაც მუდმივ კონტაქტზეა და ის მზადაა კლუბში სამუშაოდ, 51 წლის სპეციალისტი ცოტა ხნის წინ "მილანს" წვრთნიდა, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გუნდიდან გაათავისუფლეს და ამ მომენტისთვის ჯერჯერობით არავის წვრთნის. ტექსტორმა ასევე დაასახელა კიდევ ერთი პორტუგალიელი, ლუის კასტროს ვარიანტიც, რომელიც ბოლოს "ალ-ნასრის" მთავარი მწვრთნელი იყო.
INFO L'ÉQUIPE. L'entraîneur de l'OL Pierre Sage a été écarté de son poste d'entraîneur ce lundi par John Textor. Le président américain négocie depuis dix jours avec Paulo Fonseca.
— L'ÉQUIPE (@lequipe) January 27, 2025
Plus d'infos ➡️ https://t.co/vuDCB4Zu5j pic.twitter.com/tYVcvfE1lp
"ლიონს" ბოლო პერიოდში კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას, ფრანგულ გუნდს 2025 წელს მხოლოდ 1 მოგება აქვს, მათ ზედიზედ 3 ფრე აქვთ ნათამაშები და საფრანგეთის თასიდან მეხუთე ლიგის გუნდმა გამოაგდო. საფრანგეთის ლიგა 1-ში "ლიონი" 30 ქულით მე-6 ადგილზეა (8 მოგება, 6 ფრე, 5 მარცხი), ევროპა ლიგაზე კი 14 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს (4 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).
პიერ საჟი მთავარ მწვრთნელად 2023 წელს დაინიშნა და კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მან გუნდი მოედანზე 56 შეხვედრაში გაიყვანა, აქედან 33 მოიგო, 9 ფრედ ითამაშა და 14-ჯერ წააგო.