ტიერი ანრი: "დე ბრუინე ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, ვისი თამაშიც მინახავს"
ლეგენდარულმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" ფრედ (1:1) ითამაშეს, ინგლისური კლუბის ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დე ბრუინეს შესახებ ისაუბრა. ლონდონის "არსენალის", "ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ თქვა, რომ ბელგიელი ყველაზე ინტელიგენტი ფეხბურთელია, ვინც ოდესმე უნახავს.
"კევინ დე ბრუინე - ის ყველაზე ინტელიგენტი ფეხბურთელია, ვინც ოდესმე მინახავს. ზოგჯერ ეს შეიძლება გუნდისთვის პრობლემა იყოს, რადგან თქვენ არ ხართ მის დონეზე, მაგრამ ის ყველაზე ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში", - თქვა ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა.
ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინეს თანამშრომლობა ბელგიის ნაკრებში მოუწიათ, როცა ფრანგი რობერტო მარტინესის ასისტენტად მუშაობდა.
“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალის” საპასუხო მატჩი 17 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.