The Guardian-მა მსოფლიოს საუკეთესო ტალანტებს შორის ანდრია ბართიშვილი დაასახელა
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა, მსოფლიო ფეხბურთის ის ტალანტები გამოარჩია, რომლებიც 2009 წელს არიან დაბადებულნი და წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
60 ნიჭიერ ფეხბურთელს შორის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევი, ანდრია ბართიშვილი მოხვდა, რომელიც კარიერას ლონდონის არსენალში გააგრძელებს:
,,ბართიშვილის პროგრესი 2025 წლის ივნისში დაჩქარდა, როდესაც ყაზახეთის 17-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ბრწყინვალე თამაშმა და დუბლმა მას „ახალი კვარაცხელიას“ სახელი მოუტანა. დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს მთავარ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, ამავე ასაკში კი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, ლატვიის წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩშიც ითამაშა.
შეუძლია ითამაშოს მარცხენა ფრთაზე ან ათიანის პოზიციაზე. ბართიშვილი ხვიჩა კვარაცხელიასთვის დამახასიათებელ მცველებისგან იზოლირების უნარს ალექსის სანჩესის ელემენტებს უთავსებს: კორპუსით მოტყუებასა და აგრესიულ შესვლებს ცენტრისკენ. კომფორტულად გრძნობს თავს როგორც მომენტების შექმნისას, ისე შორიდან დარტყმისას.
მან უკვე შთაბეჭდილება მოახდინა ევროპაში და მომავალ ზაფხულს არსენალს შეუერთდება.'' - წერს გარდიანი
ინგლისური მედიის ცნობით, არსენალმა ბართიშვილის სანაცვლოდ 4,5 მილიონი ევრო გადაიხადა.
Transfermarkt კი ქართველ ფეხბურთელს ამ მომენტისთვის 2,5 მილიონ ევროდ აფასებს.