Belive

"თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იქნებ ლამპარდი ისევ აქ ყოფილიყო" - ტიმო ვერნერი ყოფილი მწვრთნელის გამო წუხს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა თქვა, რომ გუნდიდან ფრენკ ლამპარდის გაშვების გამო, თავს დამნაშავედ გრძნობს. გერმანელი ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში ლონდონურმა კლუბმა სწორედ ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტის ინიციატივით, 53 მილიონ ევროდ "ლაიფციგიდან" გადაიბირა, თუმცა, სეზონის პირველ ნახევრში მან მასზე გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო, პრემიერ ლიგაში პირველი გოლი კი ოქტომბერში, "საუთჰემპტონის" კარში (3:3) გაიტანა. გერმანიის ნაკრების ფორვარდს 14-მატჩიანი მშრალი სერია ჰქონდა, რამაც ლოგიკურად, გუნდის შედეგებზე იმოქმედა და საბოლოოდ ამან კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნა გამოიწვია. 24 წლის შემტევმა 28 მარტს, "მანჩესტერ იუნიტედთან" (0:0) პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრამდე, Sky Sports-თან ინტერვიუში ამ თემაზე გულწრფელად ისაუბრა.

"ის პერიოდი, როცა გოლის გატანას ვერ ვახერხებდი, ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი მომენტი იყო, რადგან ამდენი შანსი ხელიდან არასდროს გამიშვია. ამდენი ხნის განმავლობაში გოლის გარეშე არ ვყოფილვარ, ასე რომ ორი ტურის წინ ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ეს საბოლოოდ დასრულდა. ამ შეგრძნების გარეშე მთელი ამ პერიოდის გატარება ძალიან რთული იყო. როცა აქ მოდიხარ და თავდამსხმელად თამაშობ, შენგან გოლების მანქანას ელიან და ამის გაკეთებას ვერ ახერხებ, რა თქმა უნდა, დიდ პასუხსისმგებლობას ვგრძნობდი, რომ ამდენი შანსი გავანიავე. კლუბი, ძველი მწვრთნელის და საკუთარი თავის წინაშეც თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რადგან მსურს ყოველთვის გავიტანო. რა თქმა უნდა, კიდევ ოთხი ან ხუთი გოლი რომ გამეტანა, იქნებ ძველი მწვრთნელი ახლა აქ ყოფილიყო, რადგან შეიძლება კიდევ ორი ​​ან სამი თამაში მოგვეგო, მაგრამ წარსულს ძალიან ვერ ჩაეჭიდები, რადგან წინ კიდევ ძალიან ბევრი მატჩი გველოდება და მათზე უნდა ვიფიქროთ", -თქვა ვერნერმა. ამჟამად, ტიმოს აქტივში პრემიერ ლიგაში გატანილი 5 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, ყველა ტურნირის ჯამში კი მეტოქის კარის აღება მან 10-ჯერ მოახერხა და თანაგუნდელებს 9-ჯერ გაატანინა.

სხვა სტატიები