Belive

"სისხლიც კი წამომივიდა, მაგრამ ახლა უკეთ ვარ" - ირაკლი იეგოიანი

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ერედივიზიეს მე-7 ტურის შეხვედრაში ექსელსიორმა აიაქსთან ფრედ 2:2 ითამაშა. ირაკლი იეგოიანმა მორიგი საგოლე მოქმედება მიითვალა, მან 62-ე წუთზე აიმენ სლიტს ასისტი გაუკეთა, რასაც საბოლოოდ გოლი მოჰყვა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა. ერთ-ერთ ეპიზოდში იეგოიანის წინააღმდეგ აიაქსის ფეხბურთელმა იური ბაასმა საჯარიმოში იუხეშა, კერძოდ ფეხი სახეში მოარტყა და მსაჯმა პენალტი არ დააფიქსირა, სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა იეგოიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ:

ჟურნალისტი: როგორ ხარ? ბუცი სახეში მოგხვდა, არა?!

ირაკლი იეგოიანი: დიახ, თქვენც კარგად შეგიმჩნევიათ. სახეში საკმაოდ ძლიერად მომხვდა. სისხლიც კი წამომივიდა, მაგრამ ახლა უკეთ ვარ.

ჟურნალისტი: ვიცი, რომ თამაშის წესებში ძალიან კარგად ერკვევი, იყო თუ არა შენი გადმოსახედიდან თამაშის წესების პენალტი?

ირაკლი იეგოიანი: დიახ, რა თქმა უნდა ჩემი გადმოსახედიდან 100%-იანი პენალტი იყო.

ჟურნალისტი: (ეპიზოდის გამეორება) მართალია, ის ბურთზე თამაშობს, მაგრამ შენც გეხება, რამდენად ძლიერად მოგხვდა?

ირაკლი იეგოიანი: დიახ, ვფიქრობ, რომ ფეხი ძალიან მაღლა აწია და მომხვდა, ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. რას ვიზამთ არის ის რაც არის. - ირაკლი იეგოიანი - ექსელსიორის ფეხბურთელი

ექსელსიორი ერედივიზიეს ცხრილში 11 ქულით მე-7 პოზიციაზეა (3 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 11 ოქტომბერს გრონინგენის წინააღმდეგ გამართავს.

ირაკლი იეგოიანს მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე სტარტი აქვს, მას უკვე 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.