"შიმშილის გრძნობა უნდა გავზარდოთ" - ჩაბი ალონსოს სადებიუტო პრესკონფერენცია სტემფორდ ბრიჯზე
16 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ჩელსის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ "სტემფორდ ბრიჯზე" სადებიუტო პრესკონფერენცია გამართა და კლუბში საკუთარ მიზნებზე ისაუბრა. 44 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ხაზი გაუსვა გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტის დაბრუნებას და განაცხადა, რომ ლონდონელებს წარმატებისთვის განსაკუთრებული "შიმშილი" სჭირდებათ.
"ევროთასებზე გასვლა, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია. თუმცა, ამ შედეგის მისაღწევად ბევრი რამ სწორად უნდა გავაკეთოთ. ეს არის პროცესი, სადაც უნდა გამოჩნდეს, თუ როგორ გვინდა თამაში, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს და რა მიდგომა გვექნება თითოეული მატჩის მიმართ, სადაც არ უნდა ვთამაშობდეთ.
ეს ჩემი სამუშაოა და ერთი სული მაქვს, როდის შემოგვიერთდება მთელი შემადგენლობა. ამ მომენტისთვის სატრანსფერო ბაზარზე გარკვეული შეთავაზებები გვაქვს, თუმცა ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია.
ჩვენ ვართ ამბიციურები და ჩელსიში ყველამ უნდა გაიზიაროს ეს ენერგია, ამბიცია და წარმატების მიღწევის დიდი შიმშილი. მომავალი გვიჩვენებს, რა მოხდება, მაგრამ ჩვენ აუცილებლად იქ უნდა ვიყოთ, სადაც ამ კლუბის ადგილია", - ამბობს ჩაბი ალონსო.
Xabi at Stamford Bridge. 🏡 pic.twitter.com/f2yMXALpKG
— Chelsea FC (@ChelseaFC) July 13, 2026
ჩაბი ალონსომ ლევერკუზენის ბაიერთან ერთად მიღწეული ისტორიული წარმატებების შემდეგ შარშან ზაფხულში მადრიდის რეალი ჩაიბარა, თუმცა გუნდიდან შუა სეზონში გაათავისუფლეს, ჩელსიში მუშაობას კი ახლა შეუდგა და კონტრაქტი 4 წლით გააფორმა.