კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. გამონაკლისს არც იტალიის საკლუბო საფეხბურთო ჩემპიონატები წარმოადგენს.
უკანასკნელი ცნობების თანახმად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და სერია ა-ს კლუბებს შორის სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ვიდეო კონფერენცია მოეწყო. წყაროს მტკიცებით, სერია ა-ს ოცივე კლუბმა სეზონის გაგრძელებას დაუჭირა მხარი. ამ წუთისათვის უცნობია როდის განახლდება სერია ა, თუმცა იტალიის ელიტურ ჩემპიონატში მონაწილე ოცივე კლუბის მხრიდან თანხმობა არსებობს.
სკუდეტოსათვის ბრძოლაში "იუვენტუსი", "ლაციო" და "ინტერი" მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან. 26 ტურის შემდეგ, პირველ ადგილზე მყოფი "ბიანკონერი" რომაულ კლუბს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.