სენტ-ეტიენი განადგურდა | ზურიკო 67-ე წუთზე შეცვალეს
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში "რენმა" საკუთარ მოედანზე "სენტ-ეტიენი" მიიღო და მეტოქე 5:0 გაანადგურა. სტუმრების რბევა 37-ე წუთიდან დაიწყო, კარისკენ მიმავალი ბურთი მატიო კაფარომ ხელით მოიგერია, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო და სენტ-ეტიენის კარში პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი ზუსტად კალიმუენდომ შეასრულა და ანგარიშიც გაიხსნა. პირველი ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე ლუდოვიკ ბლასმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში რენმა კიდევ 3 უპასუხო გოლი გაიტანა, კალიმუენდომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთი გოლი კი ამინ გიურის ანგარიშზეა.
ზურიკო დავითაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მწვრთნელმა ქართველი მოედნიდან 67-ე წუთზე გაიყვანა. ისევე, როგორც მწვანეების თითოეულ ფეხბურთელს, ზურიკოსაც არ ჰქონდა კარგი თამაში. დავითაშვილმა sofascore-გან 5.9, ხოლო whoscored-გან 5.4 ქულა დაიმსახურა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
სენტ-ეტიენი ჩემპიონატის მე-14 ადგილზე იმყოფება, თუმცა ამ ტურის შემდეგაც კი ასეთ პოზიციაზე ყოფნა გარანტირებული არ აქვს, რადგან გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს საკუთარი მატჩები ჩასატარებელი აქვთ.