საუკეთესოები შეხვედრაში - რა შეფასება დაიმსახურეს ქართველებმა ბანსკა-ბისტრიცასთან მატჩში?
სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრაში ბრატისლავის "სლოვანმა" "დუკლა ბანსკა-ბისტრიცა" - 4:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში სამივე ქართველმა ითამაშა და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ჯაბა კანკავამ 35-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა, 73-ზე კი გიორგი ჩაკვეტაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რაც შეეხება გურამ კაშიას, მან მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა და მოედანი 78-ე წუთზე დატოვა.
კარგი თამაში ქართველ ლეგიონერებს დაუფასდათ და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს. ჯაბა კანკავა Flashscore-მა 8.3 ქულით შეაფასა, რაც შეხვედრაში საუკეთესო მაჩვენებელია, მასთან ყველაზე ახლოს გიორგი ჩაკვეტაძე იყო, რომელმაც 8 ქულა მიიღო, ხოლო გურამ კაშიამ 6.8 ქულა დაიმსახურა.
27 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "სლოვანს" 57 ქულა აქვს და ფორტუნა ლიგაში მეორე პოზიციას იკავებს, ლიდერ "დუნაისკა სტრედასთან" ჩამორჩენა კი 3 ქულაა. შემდეგ შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი 19 აპრილს, "სკალიცას" წინააღმდეგ, ქვეყნის თასის ნახევარფინალის ეგიდით სტუმრად გამართავს - პირველ მატჩში "სლოვანმა" - 2:1 იმარჯვა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონატს, აქ "სლოვანი" 23 აპრილს "ჟილინას" წინააღდეგ სტუმრად ითამაშებს - მატჩი 17:30 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ნაკრების ოფიციალური პლატფორმა შემოგთავაზებთ.