საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრაზე დამატებითი ბილეთები გაიყიდება
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოსა და ბულგარეთის შეხვედრაზე დამატებითი ბილეთები გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაცია ნაკრების ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება.
7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება.
როგორც ცნობილია, სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტევადობის 5% იყო დარეზერვებული. თუმცა, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სტუმარი გუნდის გულშემატკივარისთვის განკუთვნილი სექტორების ათვისება არ მოხდება.
შესაბამისად, მათთვის განკუთვნილი 1-ლი იარუსის მეცხრე და მეათე სექტორები, ასევე მიმდებარედ განთავსებული უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი ადგილები სრულად დაბრუნდება გაყიდვაში.
დამატებითი ბილეთების ფასი 40 ლარს შეადგენს. ბილეთების რეალიზება 6 სექტემბერს 12:00 საათზე BILETEBI.GE-ზე დაიწყება.
ბილეთები პირველი იარუსის მე-9 და მე-10 სექტორში, ასევე მეორე იარუსის მე-12 სექტორიდან მე-17- ჩათვლით არის განთავსებული. - ვკითხულობთ პოსტში
შეგახსენებთ, რომ საქართველომ მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე პირველი შეხვედრა უკვე გამართა. ვილი სანიოლის გუნდი თურქეთთან 2:3 დამარცხდა.