საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ირლანდიას ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.
ირის ანტმანის გუნდს, პირველი შეხვედრის შემდეგ, შანსი თითქმის აღარ ჰქონდა. მიხეილ მესხი 2-ზე ჩატარებულ პირველ შეხვედრაში ირლანდიელებმა კიდევ უფრო დამაჯერებლად 6:0 მოგვიგეს, ამიტომ სტუმრად გასამართი მატჩი ჩვენთვის ფორმალურ ხასიათს უფრო ატარებდა.
"ტალა სთეიდიუმზე" ირლანდიელები სწრაფად დაწინაურდნენ – საქართველოს ნაკრების კარი მე-3 წუთზე ჯული რასელმა აიღო, ხოლო 31-ე წუთზე თავი კირა კარუსამ გამოიჩინა. პირველ ტაიმში, მასპინძელთა კაპიტანმა, კეტი მაკეიბიმ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა 55-ე წუთზე მაინც მიაღწია მიზანს და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ირლანდიამ, ორი მატჩის ჯამში 9-ბურთიანი სხვაობით დაგვამარცხა და 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს. საქართველოს ნაკრები ტურნირს დაემშვიდობა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩვენს ქალთა ნაკრებს პლეი ოფში არასოდეს უთამაშია.