სანიოლი: ,,მატჩის წინ, ფეხბურთელებს ვუთხარი, გაეხსენებინათ, როგორ თამაშობდნენ 16-17 წლის ასაკში''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, პორტუგალიასთან მოგებული ისტორიული მატჩი შეაფასა:
,,სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს ფეხბურთელებს თამაშის წინ რა ვუთხარი, მაგრამ მთავარი მესიჯი იყო, რომ ჩვენი ფეხბურთი გვეთამაშა და დისციპლინა შეგვენარჩუნებინა. ვთქვი, გაეხსენებინათ, როგორ თამაშობდნენ 16 ან 17 წლის ასაკში, ყოველგვარი ფიქრის გარეშე და მათ ეს ბრწყინვალედ შეასრულეს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს!
ამ წარმატების შედარება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლასთან? რთულია მოედანსა და მის გარეთ მიღწეული შედეგების შედარება. ძნელია იმის გააანალიზება თუ რა გავაკეთეთ, ეს, ალბათ, მაშინ მოხდება თუ წავაგებთ... ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ! ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ!
როცა ,,პატარა'' გუნდი ხარ, იცი, რომ დასაკარგი არაფერი გაქვს. ტურნირის წინ ვთქვით, რომ სინანული არ უნდა გვეგრძნო, ჩვენი ფეხბურთი უნდა გვეთამაშა და ტურნირისგან სიამოვნება მიგვეღო. ერთადერთი დავალება იყო, რომ ქართველ ერს საკუთარი ფეხბურთელებით ეამაყა და ვფიქრობ, ეს საუკეთესოდ გავაკეთეთ.
თუ ჩვენს სათადარიგოთა სკამს გადაავლებთ თვალს, საფეხბურთო ხარისხით ვერ აღფრთოვანდებით, რასაც ჩვენი ფეხბურთელების ადამიანურ თვისებებზე ვერ ვიტყვით! მეგონა, რომ ევრო 2024-ზე გასვლა მაქსიმუმი იყო, მაგრამ ფეხბურთი წინასწარ გაწერილი არასდროსაა. კიტეიშვილმა ორკვირიანი ტრავმის შემდეგ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, მას ევროპის უმაღლესი დონის კლუბში თამაში უპრობლემოდ შეუძლია.
მერვედფინალში გასვლაზე ვოცნებობდით, მაგრამ არ გვეგონა, რომ ეს შესაძლებელი იყო. არც გვიცდია გაგვერკვია, ვის შევხვდებოდით მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში. შემდეგი მეტოქე ესპანეთია, რომელიც, შესაძლოა, ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ნაკრებია, ამიტომ, ეს კიდევ ერთ დიდი გამოწვევაა. პირველივე წუთიდან ვიბრძოლებთ, როგორც ამას მთელი ამ ტურნირის განმავლობაში ვაკეთებდით.'' - ვილი სანიოლი
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური გაიფორმა.
პლეი-ოფში ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთის ნაკრები იქნება, მატჩი კვირას, 30 ივნისს გაიმართება.