სანდრო ალთუნაშვილი: "ეს მხოლოდ დასაწყისია, გაჩერებას არ ვაპირებ"
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. დიახ, მართალია ბოლო პერიოდში ჩატარებული შეხვედრების ფონზე ამის გარკვეული მოლოდინი არსებობდა, თუმცა ჩემს სათამაშო პოზიციაზე ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში იმხელა კონკურენციაა, რომ ამას ნამდვილად არ ველოდი. ამ კონკურენციის პირობებში ეროვნულ გუნდში მოხვედრა ჩემთვის კიდევ უფრო სასიხარულოა. კონკურენცია რა თქმა უნდა, ძალიან დიდია და ვითამაშებ თუ არა, ამას მთავარი მწვრთნელი გადაწყვეტს, მაგრამ ის ფაქტი, რომ გუნდში ლადო მამუჩაშვილთან ერთად მოვხვდი, ძალიან მახარებს, რადგან ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და არა მხოლოდ "დინამო ბათუმში", "საბურთალოშიც" ერთად ვთამაშობდით და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. თუ მეტოქეებზე ვისაუბრებთ, მარტივი მატჩები ნამდვილად არ გველის, მაგრამ საქართველოს ნაკრებს აქვს იმის პოტენციალი, რომ ამ შეხვედრებში წარმატებას მიაღწიოს. ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ ესპანეთთან და იმედია ეს არ განმეორდება. ვფიქრობ, სწორი მიდგომით და სწორი თამაშით გამარჯვებაზე ფიქრი ნებისმიერ მეტოქესთან შეიძლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი დამხვდება, რომელთა თამაშებსაც ბავშვობიდან ვუყურებ და რომლებსაც ბავშვობიდან ვქომაგობ, ამასთან ერთად დიდი გამოცდილება იქნება მეტოქე გუნდის მაღალი კლასის ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაშიც. ვნახოთ, მე ჩემი მხრივ მხოლოდ იმას შევეცდები, რომ საკუთარი ქვეყანა ვასახელო და ქართველი ქომაგი გავაბედნიერო. გაჩერებას არ ვაპირებ, ეს მხოლოდ დასაწყისია!", - თქვა 24 წლის ფეხბურთელმა ჩვენთან საუბარში.“ჯვაროსნები” სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავენ და 2 და 5 სექტემბერს, შესაბამისად, კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურად ითამაშებენ.