საინტერესო გადაწყვეტილება - სასჯელი იქამდე, სანამ დაშავებული არ გამოჯანმრთელდება
ინტერნასიონალის მცველი, ვიქტორ გაბრიელი, ბრაზილიურ ფეხბურთს ჩამოაცილეს. დისკვალიფიკაცია ძალაში იქნება იქამდე, სანამ კრუზეიროს თავდამსხმელი, გაბრიელ პეკი, მძიმე ტრავმის (ფეხის მოტეხილობის) შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს არ გაივლის და ვარჯიშს არ დაუბრუნდება.
აღნიშნული ვერდიქტი ბრაზილიის სპორტული მართლმსაჯულების უმაღლესმა სასამართლომ (STJD) - ქვეყნის მთავარმა დამოუკიდებელმა სპორტულ-დისციპლინარულმა ორგანომ გამოიტანა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მომხდარი ინციდენტის სიმძიმიდან გამომდინარე, სტანდარტული სასჯელი არასაკმარისი იყო. გაბრიელ პეკმა მარცხენა წვივის ძვლის მოტეხილობა 22 ივლისს, ჩემპიონატის მატჩში, ვიქტორ გაბრიელთან უხეში ორთაბრძოლის შედეგად მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, დისკვალიფიკაციის მაქსიმალური ვადა 180 დღით განისაზღვრა, სანქცია შესაძლოა უფრო ადრეც გაუქმდეს - იმ შემთხვევაში, თუ ექიმები პეკს მოედანზე დაბრუნებისა და ვარჯიშის განახლების ნებას ვადაზე ადრე დართავენ.